ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მაშინ, როდესაც რუსეთთან მიმართებაში საზოგადოებას საერთო სამოქმედო გეგმა არ გააჩნია, მორალისტობა და ერთი ადამიანის ლანძღვა არასწორია.
„ისეთი ამბების თავიდან ასაცილებლად, რომელსაც თორნიკე შენგელიასთან მიმართებაში, უკვე მეორე დღეა თვალს ვადევნებთ, ვფიქრობ, ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რაზე უნდა გვქონდეს უარყოფითი რეაქცია და რაზე არა. ჩემი პოზიცია რუსეთთან და ამ სახელმწიფოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, საჯაროდ არაერთხელ გამოვხატე. იმისთვის რომ მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას, მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია თანაბრად ვრცელდებოდეს არა ერთ ან ორ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ზოგადად, რუსეთში თამაშზე, მუშაობაზე, ბიზნესის კეთებასა თუ ნებისმიერ აქტივობაზე. საქართველოს ნაკრების სპონსორია VTB ბანკი და საინტერესოა, რატომ არ აღმოაჩნდა არცერთ ქართულ ბანკს იმაზე მეტი სურვილი, ვიდრე რუსულს, ყოფილიყო ნაკრების სპონსორი და მთავარი პარტნიორი. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ და შევთანხმდეთ, რა არის ჩვენთვის წითელი ხაზი და რა არა. არ მიმაჩნია სწორად მორალისტობა, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა, მაშინ როცა რუსეთთან მიმართებაში, საერთო სამოქმედო გეგმა, როგორც საზოგადოებას არ გაგვაჩნია. მინდა თორნიკეს ყველა იმ მიზნის მიღწევა ვუსურვო, რომელიც დასახული აქვს“, - წერს არველაძე.
შეგახსენებთ, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.