ჩოგბურთში აშშ-ს ღია ჩემპიონატი 31 აგვისტოს უნდა დაიწყოს, თუმცა ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა და სხვადასხვა ტიპის რეგულაციები ტურნირის ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ბოლო დღეებში აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად მატულობს და რეკორდული მაჩვენებელი 10 ივლისს დაფიქსირდა - 64,630.
მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა აპრილის შემდეგ ნიუ იორკში კლებულობს, ერთ-ერთი პრობლემა კარანტინს ეხება - ამერიკაში ჩასულებმა და ასევე, ევროპაში გამგზავრებულებმა რამდენიმედღიანი კარანტინი უნდა გაიარონ. შესაბამისად, აშშ-ში ტურნირი 13 სექტემბერს სრულდება, ხოლო საფრანგეთის ღია ჩემპიონატი 20 სექტემბერს იწყება და როგორ უნდა მოახერხონ ჩოგბურთელებმა ყველა წესების დაცვაც და ორივე ტურნირზე მონაწილეობის მიღება, ამაზე პასუხი არ არსებობს.
მსოფლიოს ნომერ მეექვსე ჩოგბურთლმა სტეფანოს ციციპასმა განაცხადა, რომ ჯერ გარკვეული არ აქვს გაემგზავრება თუ არა აშშ-ში.
"შანსები 50-50-ზეა. წავიდოდი და ვითამაშებდი, მაგრამ თუ სიტუაცია გაუარესდება და ჩვენ ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება, მაშინ აშშ-ს ღია ჩემპიონატი უნდა გაუქმდეს." - განუცხადა BBC-ს ბერძენმა.
აშშ-ს ღია ჩემპიონატი, რომელიც გულშემატკივრების გარეშე უნდა ჩატარდეს, 31 აგვისტოს უნდა დაიწყოს, თუმცა თუ სიტუაცია გამწვავდება, მაშინ გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა ერთი თვით ადრე უნდა მიიღონ. ნიუ იორკის გუბერნატორმა გასულ თვეში დაიცვა ტურნირი და მხარი დაუჭირა ჩატარებას, თუმცა რამდენიმე დღის წინ მოგზაურებისთვის, თითქმის 19 შტატიდან, 14-დღიანი კარანტინი დააწესა. აღნიშნულ შტატებს შორისაა ფლორიდა, სადაც ბევრი პროფესიონალი ჩოგბურთელი ცხოვრობს და ერთადერთი გამოსავალი, თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, გამონაკლისის დაშვება იქნება.
ასევე, უცნობია თუ როგორ მოიქცევივიან ესპანეთის, იტალიის და საფრანგეთის მთავრობები გრუნტის სეზონისთვის ჩასულ ჩოგბურთელებს. ევროკავშირის საბჭო ჯერ კიდევ რეკომენდაციას გასცემს აშშ-სთან საზღვარი არ გახსნას. აღნიშნული რეკომენდაცია ორ კვირაში ერთხელ უნდა გადაიხედოს ხოლმე და შესაძლოა შეიცვალოს სიტუაცია და თვითიზოლაციის წესიც შემოიღონ.
ჯეიმი მარეი, რომელმაც US Open-ი ბოლო სამი წლის განმავლობაში შერეულ წყვითა თანრიგში მოიგო, ამბობს, რომ ევროპაში დარჩენა უსაფრთხოების მიზნით კარგი ვარიანტია.
"ვერ წარმომიდგენია თუ როგორ უნდა დაუჭიროს მხარი ATP-მა აშშ-ს ღია ჩემპიონატის ჩატარებას, იმ შემთხვევაში თუ ევროპაში დაბრუნებულებს კარანტინის გავლა მოუწევთ და ამადროულად ორ მასტერსსა და დიდი სლემის ტურნირზე უნდა იასპარეზონ. ჩემი აზრით, როგორც მოთამაშეს, სტაბილურობა უნდა გინდოდეს და ამჟამად ეს ჩვენ არ გვაქვს." - განუცხადა BBC Sport-ს მარეიმ.
აშშ-ს ღია ჩემპიონატის ჩატარებას მხარი დაუჭირა ჯონ იზნერმა და სერენა უილიამსმა, რომელიც უკვე აქტიურად ემზადება ტურნირისთვის. თუმცა ბევრმა გააკრიტიკა გადაწყვეტილება და მათ შორის იყო ნიკ კირიოსი. ავსტრალიელმა ასევე უარყოფითად შეაფასა ნოვაკ ჯოკოვიჩის ორგანიზებული ადრია ტური.
სერბ ჩოგბურთელს, რომელიც მსოფლიოს პირველი ნომერია და ზემოთხსენებული ტურის გამო საზოგადოებამ გააკრიტიკა, ჯერ არ გადაუწყვეტია აშშ-შ გამგზავრება და Sportski Zurnal-თან საუბრისას აღნიშნა, რომ დარწმუნებული არაა მიიღებს თუ არა მონაწილეობას. რაფაელ ნადალმა გადაწყვიტა ევროპაში ითამაშოს და სავარაუდოდ ორივე ჩოგბურთელს სურს აშშ-ში წასვლას, ევროპაში რომის, მადრიდის მასტერსებსა და საფრანგეთის ღია ჩემპიონატში მიიღონ მონაწილეობა. ამას, ისიც ემატება, რომ ამ ორი ჩოგბურთელის გარდა, ტურნირს დააკლდება როჯერ ფედერერი.
აშშ-ს ღია ჩემპიონატის ჩატარების საკითხი ოფიციალურად კი გარკვეულია, თუმცა მოვლენები ისე იცვლება გამორიცხული არაა, უიმბლდონის მსგავსად გაუქმდეს. თვის ბოლომდე ოცი დღეა დარჩენილი და სავარაუდოდ ამ პერიოდში გადაწყდება ჩატარდება თუ არა დიდი სლემის ერთ-ერთი გრანდიოზული ტურნირი ამერიკის შეერთებულ შტატებში.