ფეხბურთი

16:53 | 6.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მეორე მწვრთნელიც ოთხ ტურში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა

თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი სოსო ფრუიძემ დატოვა. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

„ლოკომოტივი“ მადლობას უხდის ფრუიძეს გაწეული სამსახურისთვის და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა მხარეების თანამშრომლობის დასრულების საფუძველი და ისიც ვინ შეცვლის გამოცდილ სპეციალისტს.

ფრუიძემ „ლოკომოტოვი“ ცოტა ხნის წინ ჩაიბარა და გუნდს მხოლოდ ორ მატჩში უხელმძღვანელა („მერანთან“ 1:1, „დინამო თბილისთან“ 0:4).

ეროვნული ლიგის დაწყებიდან სულ რაღაც ოთხი ტურია გასული, „ლოკომოტივმა“ კი უკვე ორი მწვრთნელი გამოიცვალა. ფრუიძემდე „რკინიგზელებს“ ლევან კორღარილიძე ორი ტურის შემდეგ დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, მანამდე სოსო ფრუიძე საჩხერის „ჩიხურაში“ 12 წლის განმავლობაში მუშაობდა. „ლოკომოტივი“ კი ეროვნულ ლიგაში 7 ქულით მესამე ადგილზეა.

0.129405