ფეხბურთი

0:29 | 4.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა: "არსენალი" უნდა გაძლიერდეს"

ესპანელმა ახალბედა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ლონდონის "არსენალი" გასული წლის ბოლოს ჩაიბარა. ლონდონურ გუნდამდე არტეტა "მანჩესტერ სიტის" თავკაცის პეპ გვარდიოლას თანაშემწე იყო და "მეთოფეთა" სახით გამოწვევა მიიღო. 38 წლის სპეციალისტი ახალი გუნდის შენებაშია და უფრო მომავალზეა ორიენტირებული. Sky Sports-თან ინტერვიუში ესპანელი აღნიშნავს, რომ მცირე უიღბლობა გუნდს აქვს, თუმცა "არსენალის" ამჟამინდელი თამაშის ხარისხი იმედებს იძლევა.

"ვისურვებდი თამაში უფრო თანმიმდევრული, სწრაფი და ინტენსიური გახდეს. გუნდის სტრუქტურა ყალიბდება, მიუხედავად იმისა, რომ ხან ერთი ფორმაციით ვასპარეზობთ, ხან განსხვავებული სტილით და ასევე პოზიციებზეც როტაციას ვახდენთ."

არტეტა აღნიშნავს, რომ დადებითი მომენტები შეინიშნება, თუმცა გუნდი სეზონის განახლებას კარგად ვერ შეხვდა და ორი შეხვედრა "მანჩესტერ სიტისთან" და "ბრაიტონთან" წააგო.

"სამთვიანი ჩაკეტვის შემდეგ, რთული აღმოჩნდა დაბრუნება. "ბრაიტონთან" მატჩში, ვფიქრობ რამდენიმე მომენტში ძალიან, ძალიან კარგად ვითამაშეთ და სრულიად ვდომინირებდით, მაგრამ მოწინააღმდეგეს შვიდი წუთით გადავეცით თამაში და მათ კარგად გვიპასუხეს. ჩვენ არასდროს ვადანაშაულებთ ფეხბურთელებს ძალისხმევის გამოჩენაში, თუმცა ეს შეჯიბრია და კონკრეტული მომენტები წყვეტენ ყველაფერს. ამის შემდეგ ჩვენ გვჭირდებოდა უფრო მეტი აგრესიული თამაში და ზედიზედ სამი თამაში რთულ მოწინააღმდეგეებთან მოვიგეთ."

არტეტას ახლა სურს პროგრესი "ვულვზისთან" მატჩშიც გაგრძელდეს, რათა "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგის საგზურის იმედი დაიტოვოს. მაგრამ მიკელმა იცის, რომ მისი გრძელვადიანი ამბიციები იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ სატრანსფერო პოლიტიკას წარმართავს ზაფხულში "არსენალი". იანვარში კლუბმა სედრის სოარეში დაიმატა და პაბლო მარი საბოლოოდ გაიფორმა. ასევე, გუნდში დარჩა დავიდ ლუიზი და ახლახან გაბრიელ მარტინელმა და ბუკაიო საკამ ახალი ხელშეკრულებები გააფორმეს.

თუმცა კვლავ გაურკვეველი რჩება პიერ-ემერიკ ობამეიანგის საკითხი. არტეტა დაჟინებულად გაიძახის, რომ გაბონელს "სურს დარჩეს" "არსენალში", ესპანელს უნდა წამყვანი ფეხბურთელები შეინარჩუნოს და ასევე გუნდი ახალწვეულებით გააძლიეროს. საქმეს ფინანსური რეგულაციები და ასევე კორონავირუსი ართულებს.

"ვიცი რა მდგომარეობაშიცაა კლუბი და კლუბმაც იცის ჩემი გეგმების შესახებ. იანვარში, სიტუაცია მოითხოვდა სივრცეების შევსებას და სტაბილურობას გუნდში. ახლა კი დროა ახალი ნაბიჯი გადაიდგას და ამჟამინდელი და ახალი ფეხბურთელებით გუნდი უფრო გაძლიერდეს." - აღნიშნავს ესპანელი.

არტეტა მიიჩნევს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება "არსენალისთვის" თუ როგორ წარიმართება სიტუაცია ზაფხულში.

"ტოპ ორ გუნდს და დანარჩენებს შორის ძალია, ძალიან დიდი განსხვავებაა და ყველა ცდილობს მათ დაეწიოს. ჩემპიონატი ექვს, შვიდ, რვა ან სულაც ცხრა კლუბს შორის მიმდინარეობს, რათა მოწინავე ადგილი დაიკავონ, ამიტომ ზაფხულში ძალიან ჭკვიანურად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები."

არტეტა მოედანზე და მის მიღმა ძალიან მომთხოვნია და ფეხბურთელებისგან მაქსიმუმ ელოდება. ის ვინც ვერ ასრულებს მოთხოვნებს, შემადგენლობის მიღმა რჩება და ამისი მაგალითი მესუთ იოზილია. პეპ გვარდიოლასგან არტეტამ ისწავლა, რომ მთელი სეზონიც კი საჭიროა იმისთვის, რომ მწვრთნელმა საკუთარი ფილოსოფია მოახვიოს გუნდს, რომელიც წარმატების საწინდარია.

"ვისწავლე, რამდენად მნშვნელოვანია ყველა ჩაერთოს იმ საქმეში რასაც აკეთებ, რათა გრძელვადიანი რაღაც შექმნა.", ამბობს არტეტა. "ჩვენ (არტეტა და გვარდიოლა) პირველ შეზონში ვერ შევძელით შეგვეცვალა ის, რისი შეცვლაც გვინდოდა, მაგრამ მეორე სეზონში უკვე გამოგვივიდა. ძალიან აგრესიულები ვიყავით და მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა."

"არსენალის" ტრანსფორმაციისთვის არტეტამ ბევრი რამ უნდა გააკეთოს და ესპანელი ოპტიმისტურადაა განწყობილი:

"ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. პირველი ექვსი თვის განმავლობაში ამდენ გამოწვევას არ ველოდი, მაგრამ ეს კლუბის ნაწილია. ყოველთვის იქნება მოულოდნელობები და ჩვენ უბრალოდ საუკეთესო გზით უნდა ამოვხსნათ, ვიყოთ პოზიტიურები და წინ ვიაროთ."

ლონდონის "არსენალმა" პაუზის შემდეგ ორი მატჩი წააგო, თუმცა სამი შეხვედრა ზედიზედ მოიგო და ასოციაციის თასის ნახევარფინალშიც გავიდა. პრემიერლიგაში არტეტას გუნდს 46 ქულა აქვს და მეოთხეადგილოსან "ჩელსის" რვა ქულით ჩამორჩება. "არსენალი" 4 ივლისს "ვულვზის" სტუმრად დაუპირისპირდება და მნიშვნელოვანი მატჩი ელის, რადგან მეტოქე მიმდინარე სეზონში ძლიერი გუნდია და სატურნირო თვალსაზრისით არტეტას გუნდს მოგება აუცილებლად სჭირდება.

0.115909