ფეხბურთი

0:44 | 3.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

პირლო ზიდანის და გვარდიოლას მაგალითზე - "იუვე" "მაესტროს" დიდ გეგმებს უკავშირებს

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ანდრეა პირლო სამწვრთნელო კარიერას იწყებს. ადგილობრივი და გავლენიანი გამოცემები დარწმუნებით იტყობინებიან, რომ პირლო ახალი სეზონიდან „იუვენტუსის“ 23-წლამდე გუნდს ჩაიბარებს, რომელიც რანგით მესამე დივიზიონში, სერია C-ში თამაშობს.

ყველაფერი შეთანხმებულია და ინფორმაცია უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდება. ისმის კითხვა - რატომ მაინც და მაინც, პირლო?

Corriere Dello Sport-ის ვერსიით, ტურინელთა გეგმა ნათელია. პირლოს წარმატებული სამწვრთნელო კარიერის აწყობა სურს, მაგრამ მანამდე რა თქმა უნდა, გამოცდილება უნდა მიიღოს. ვეტერან ფეხბურთელს ყოფილი კლუბის პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან და ვიცე-პრეზიდენტ პაველ ნედვედთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, ამიტომაც, საწყისი წერტილიც „ბიანკონერია“.

თავის მხრივ, ტურინელებს კარგად ახსოვთ პეპ გვარდიოლასა და ზინედინ ზიდანის განვლილი გზა. ესპანელმა ყველაფერი „ბარსელონა B“-ში, ხოლო ფრანგმა „რეალის“ კასტილიაში დაიწყო. შემდეგ კი მთავარი გუნდი ჩაიბარეს და მწვერვალზე აიყვანეს. „იუვენტუსი“ იმედოვნებს, რომ პირლოც ისეთი ნიჭიერი მწვრთნელი გამოდგება, როგორც ფეხბურთელი იყო (ზიდანის და გვარდიოლას შემთხვევაშიც იგივე გზა იკვეთება).

ფაქტია, ანდრეა პირლოზე „იუვენტუსში“ დიდ იმედს ამყარებენ და გეგმებსაც უკავშირებენ. იტალიელის საფეხბურთო კარიერაში „იუვე“ ბოლო ევროპული კლუბი იყო და 2011-2015 წლებში 164 მატჩში თავი 19 გოლით გამოიჩინა.

0.11948