ფეხბურთი

1:46 | 2.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში ბრძოლა გამწვავდა: ოთხი მსურველი, ორი - ადგილი

ინგლისის პრემიერლიგაში ჩემპიონი ცნობილია, მაგრამ სამაგიეროდ ჩემპინთა ლიგის საგზურებისთვის გაცხარებული ბრძოლა მიმდინარეობს. ეს ბრძოლა XXXII ტურის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა და გამწვავდა.

ოთხეულში მყოფი „ლესტერი“ და „ჩელსი“ ორივე უქულოდ დარჩნენ და ვინაიდან ამ ტურში „მანჩესტერმა“ და „ვულვზმა“ იმარჯვეს, მდგომარეობა მაქსიმალურად დაიძაბა.

„ჩელსი“ „ვესტ ჰემს“ ესტუმრა და ვილიანის გოლით იგებდა, მაგრამ შემდეგ ორჯერ გაუშვა და ქულის გადასარჩენად მოუწია ბრძოლა. რასც ვილიანის ჯარიმით მიაღწია კიდეც, მაგრამ 89-ე წუთზე იარმოლენკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და „ვესტ ჰემს“ უმნიშვნელოვანესი ქულები მოაპოვებინა, ხოლო „ჩელსის“ დააკარგვინა. „არისტოკრატები“ რჩებიან მეოთხე ადგილზე და ვერ ისარგებლეს „ლესტერ სიტის“ წაგებით, რომელსაც ორი ქულით გადაასწრებდა გამარჯვების შემთხვევაში. და მაინც, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ფრენკ ლამპარდის გუნდს უკვე „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ვულვზი“ კუდზე აზიან.

„ლესტერი“ ლივერპულში, კარლო ანჩელოტის „ევერტონს“ დაუპირისპირდა და საწყის 15 წუთში გაუშვა ორი გოლი, რაც შემდეგ ვეღარ გამოასწორა. კელეჩი იენაჩომ მეორე ტაიმის სტარტზევე გაქვითა ერთი ბურთი, თუმცა ეს „მელიებს“ არაფერში წაადგათ და მერსისაიდიდან შინ უქულოდ დაბრუნება მოუწიათ.

ახლა კი ცოტა უფრო ვრცლად ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაზე: „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ სიტის“ ცხადია პირველი-ორი ადგილი დაბევებული აქვთ, მაგრამ, აი ვინ იქნება მომდევნო ორი იღბლიანი, სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ამ პროგნოზის გაკეთება უკიდურესად რთულია. „ლესტერი“ „ჩელსის“ 1 ქულით უსწრებს და მესამე ადგილზეა, მაგრამ ჩასაფრებულნი არიან „მანჩესტერი“ და „ვულვზი“, რომლებიც სხვათა შორის, ჩინებულ ფორმაში არიან. ამ ოთხ გუნდს საერთო ჯამში სულ რაღაც სამი ქულა ანსხვავებთ... მოკლედ, 2 ადგილი და 4 მსურველი, ვინ დარჩება ამ ბრძოლაში გამარჯვებული, ამას მომდევნო ტურები გვმაცნობს.

„ბორნმუთი“ – „ნიუკასლი“ 1:4 (0:2)

გოლები: 0:1 გაილი (5), 0:2 ლონგსტაფი (30), 0:3 ალმირონი (57), 0:4 ლაზარო (77), 1:4 გოსლინგი (90)

„არსენალი“ – „ნორვიჩი“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 ობამეიანგი (33), 2:0 ჯაკა (37), 3:0 ობამეიანგი (67), 4:0 სოარეში (81)

„ევერტონი“ – „ლესტერი“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 რიშარლისონი (10), 2:0 სიგურდსონი (16, პენ), 2:1 იენაჩო (51)

„ვესტ ჰემი“ – „ჩელსი“ 3:2 (1:1)

გოლები: 0:1 ვილიანი (42, პენ), 1:1 სუჩეკი (45), 2:1 ანტონიო (51), 2:2 ვილიანი (72), 3:2 იარმოლენკო (89)

0.185278