ესპანეთის ლიგა ენდესას 2019-2020 წლების სეზონი „ბასკონიას“ და თორნიკე შენგელიას ჩემპიონობით დასრულდა. კორონავირუსის პანდემიის გამო ტურნირის ფორმატი შეიცვალა და ამან ვიტორიელთა წისქვილზე დაასხა წყალი.
ფინალური ტურნირის დაწყების წინა დღეს თორნიკემ თქვა, რომ ჩემპიონი ის გუნდი გახდებოდა, რომელიც ყველაზე მეტად მომზადებული შეხვდებოდა მინი ტურნირს. როგორც აღმოჩნდა, ასეთი გუნდი „ბასკონია“ გამოდგა.
ფინალში ბასკები „ბარსელონას“ დაუპირისპირდნენ და დრამატულ ბრძოლაში, 69:67 სძლიეს. მატჩის ბედი, როგორც ფინალს შეეფერება ბოლო წამზე გადაწყდა. საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე ლუკა ვილდოზამ პოლონარას შესანიშნავი პასით საჩემპიონო ორი ქულა ჩააგდო და მისი გუნდი ისტორიაში მეოთხედ გააჩემპიონა.
თორნიკე შენგელიასაც დიდი წვლილი აქვს ამ ჩემპიონობაში ცხადია, რადგან „ბასკონიას“ გამოკვეთილი ლიდერი იყო მთელი სეზონის განმავლობაში. ფინალში თორნიკემ 33:11 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 8-დან 3 ორქულიანი (37%) , 6-დან 1 სამქულიანი (16%) და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო (83%). შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11-ს გაუტოლდა.
გამარჯვებაში თავისი წვლილი საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმაც შეიტანა, რომელმაც 19:38 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
„ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონი ისტორიაში მეოთხედ (2002, 2008, 2010, 2020), ხოლო 2010 წლის შემდეგ პირველად გახდა. ნიშანდობლივია, რომ 10 წლის წინაც და ახლაც, ვიტორიელებს ქვეყნის ჩემპიონის ტიტული დუშკო ივანოვიჩმა მოაგებინა.
თორნიკე შენგელია კი პირველი ქართველია, რომელიც ესპანეთის ჩემპიონი გახდა და კაპიტნის რანგშიც ტიტული დამსახურებულად აღმართა!!!