იტალიური „ლივორნო“ ერთბაშად 18-მა ფეხბურთელმა დატოვა და ხვალიდან გუნდში მხოლოდ 8 ფეხბურთელი დარჩება. ეს ინფორმაცია „ამარანტოს“ პრეზიდენტმა ალდო სპინელიმ ოფიციალურად დაადასტურა.
„ჩვენ უკვე სერია C-ში ვართ, ხელშეკრულების გახანგრძლივება უბრალოდ ფულის ხარჯვა იქნებოდა“, - თქვა სპინელიმ.
დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ კლუბის საწვრთნელი ბაზა როგორც უკვე ვთქვით, 18-მა ფეხბურთელა დატოვა, ყველა მათგანმა გაწყვიტა კლუბთან არსებული სრულფასოვანი თუ საიჯარო კონტრაქტი.
„ლივორნოში“ დარჩენილი მოთამაშეები კი არიან: ბოგდანი, დი ჯენარო, აგაცი, პორჩინო, მარზურა, მურილო, ბრაკენი და მაცეო.
„ლივორნო“ ჯერჯერობით სერია B-შია, მაგრამ მისი ლიგიდან გავარდნა უკვე გაოფიციალურებულია. შედეგად, მომდევნო სეზონში სერია C-ში ითამაშებს, ამ სეზონის დარჩენილ 7 ტურში კი გუნდს პრიმავერას (ახალგაზრდული გუნდი) ფეხბურთელები დაემატებიან.
ცნობისთვის, მიმდინარე საუკუნის დასაწყისში „ლივორნო“ საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა იყო და სერია A-ში თამაშობდა.