ფეხბურთი

19:39 | 27.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა კრამარიჩის ბენეფისით დასრულდა - "გლადბახი" ჩემპიონთა ლიგაზე, "ვერდერი" ჯერ გადარჩა

გერმანიის ბუნდესლიგის 2019-2020 წლების სეზონი დასრულდა. შესაბამისად, ყველა ვერდიქტი გამოტანილია, ნაწილობრივ.

ჩემპიონი „ბაიერნი“ ჯერ კიდევ რამდენიმე ტურის წინ გახდა, ამიტომაც, „რეკორდმაისტერის“ „ვოლფბურგთან“ სტუმრობა მთლიანად ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მატჩიც ასეთი გამოვიდა, კლასით უკეთესმა გუნდმა ვარჯიშში მოწინააღმდეგე დაჯაბნა და 4:0 იმარჯვა. შედეგად, ჰანსი ფლიკის გუნდმა სეზონი 82 ქულით დაასრულა და მეორე ადგილზე გასულ „დორტმუნდს“ მთელი 13 ქულით გაასწრო.

იმ „დორტმუნდს“, რომელმაც სეზონი საკუთარ მოედანზე „ჰოფენჰაიმთან“ სამარცხვინო მარცხით დაასრულა, რადგან 0:4 განადგურდა. ეს მატჩი ზინსჰეიმელების გარდა, კარგად ანდრეი კრამარიჩს გაახსენდება. ხორვატმა ფორვარდმა „ყვითლებს“ ოთხი გოლი გაუტანა და ხუმრობა საქმე ხომ არაა, „დორტმუნდთან“ ბუნდესლიგაში „სიგნალ იდუნა პარკზე“ პოკერი შეასრულო...

ბოლო ტურში გასარკვევი იყო ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი ორი საგზურის მფლობელიც ვინაობაც და გაირკვა. „ლაიფციგმა“ ტიმო ვერნერის დუბლით „აუგსბურგს“ აჯობა და მესამე ადგილზე გავიდა. შესაბამისად, ტიმო რედ ბულელებს თავაწეული ემშვიდობება და მომდევნო სეზონიდან ლონდონის „ჩელსის“ ქომაგების გახარებას ეცდება. „ლაიფციგის“ გარდა ჩემპიონთა ლიგაზე გერმანიას „გლადბახიც“ წარადგენს, რომელმაც ბერლინის „ჰერტა“ დაამარცხა და მიუხედავად იმისა, რომ მისმა კონკურენტმა „ლევერკუზენმაც“ იმარჯვა, „ბორუსიამ“ „ფარმაცევტებს“ ორი ქულით გაასწრო. ამრიგად, ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნი“, „დორტმუნდი“, „ლაიფციგი“ და „გლადბახი“ ითამაშებენ.

ევროპა ლიგის საგზური თავის მხრივ „ლევერკუზენს“, „ჰოფენჰაიმსა“ და „ვოლფსბურგს“ ერგოთ. ბუნდესლიგიდან გავარდნენ „პადერბორნი“ და ახლა უკვე დიუსელდორფის „ფორტუნაც“, რომელიც უმოტივაციო „უნიონთან“ 0:3 დამარცხდა და ვინაიდან მისი კონკურენტი „ვერდერი“ გამარჯვებული გამოვიდა ბოლო ტურში დაქვეითდა.

„ბრემენელმა მუსიკოსებმა“ კი გასავარდნ ზონას და მეორე ბუნდესლიგაში 1980 წლის შემდეგ პირველად გავარდნას თავი ბოლო ტურში დააღწიეს. „ვერდერმა“ „კიოლნი“ 6:1 გააცამტვერა, „დიუსელდორფს“ 1 ქულით გაასწრო და სეზონი მე-16 ადგილზე დაასრულა. თუმცა, ჯერ „ვერდერს“ თავი ქუდში არ აქვს, რადგან პლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა მეორე ბუნდესლიგის მესამე ადგილოსანთან (ან „ჰამბურგთან“, ან „ჰაინდენჰაიმთან“) ელიტაში დასარჩენად. მაგრამ ამ ეტაპზე ესეც საქმეა, რადგან დიდი ხნის განმავლობაში ბრემენელები გასავარდნ ზონაში იყვნენ და გადარჩენის იმედიც არ ჩანდა.

ბუნდესლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი გახდა 34 გოლით, მეორე პოზიცია ტიმო ვერნერს ერგო (28 გოლი), ხოლო მესამე ადგილი ჯეიდონ სანჩოს ხვდა წილად (17 გოლი).

„აუგსბურგი“ – „ლაიფციგი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ვერნერი (28), 1:1 ვარგასი (72), 1:2 ვერნერი (80)

„ლევერკუზენი“ – „მაინცი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ვოლანდი (2)

„დორტმუნდი“ – „ჰოფენჰაიმი“ 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 კრამარიჩი (8), 0:2 კრამარიჩი (30), 0:3 კრამარიჩი (48), 0:4 კრამარიჩი (50)

„გლადბახი“ – „ჰერტა“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჰოფმანი (7), 2:0 ემბოლო (78), 2:1 იბიშევიჩი (90)

„აინტრახტი“ – „პადერბორნი“ 3:2 (2:0)

გოლები: 1:0 როდე (9), 2:0 ანდრე სილვა (33), 3:0 დოსტი (52), 3:1 დრაგერი (55), 3:2 მიჩელი (76)

„ფრაიბურგი“ – „შალკე“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 ვალდშმიდტი (20), 2:0 შმიდი (38), 3:0 ჰოლერი (46), 4:0 ვალდშმიდტი (57)

„უნიონი“ – „დიუსელდორფი“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 უჯა (27), 2:0 გენტნერი (55), 3:0 აბდულაჰი (90)

„ვერდერი“ – „კიოლნი“ 6:1 (3:0)

გოლები: 1:0 ოსაკო (23), 2:0 რაშიცა (27), 3:0 ფოლკრუგი (29), 4:0 კლაასენი (55), 5:0 ოსაკო (58), 5:1 დრექსლერი (62), 6:1 სარჟენტი (68)

„ვოლფსბურგი“ – „ბაიერნი“ 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 კომანი (4), 0:2 კუიზანსი (37), 0:3 ლევანდოვსკი (72, პენ), 0:4 მიულერი (79)

თეგებიბუნდესლიგა
0.149389