ესპანეთის ლიგა ენდესას ფინალური ტურნირის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, პლეი-ოფში გასული ოთხივე გუნდის ვინაობა ცნობილია და ესპანეთს კალათბურთში ახალი ჩემპიონი ეყოლება.
A ჯგუფის ბინადრებს, „ბარსელონასა“ და „ბასკონიას“ B ჯგუფიდან მასპინძელი „ვალენსია“ და „სან პაბლო ბურგოსი“ შეუერთდნენ. დიახ, მადრიდის „რეალი“ ჯგუფში ჩარჩა, რადგან უშუალო კონკურენტ „ბურგოსთან“ ჯერ კიდევ მეორე ტურში მარცხი იგემა და როგორც აღმოჩნდა, ეს გადამწყვეტი გამოდგა.
თად მაკფადენის „ბურგოსმა“ უდრამატულეს შეხვედრაში „მორაბანკ ანდორას“ 88:86 მოუგო და რომ არა ეს გამარჯვება, ნახევარფინალში ვერ გავიდოდა. „ბურგოსი“ მთელი თამაში უკან იყო ანგარიშში, მაგრამ ბოლოსკენ მოახერხა თამაშის დატრიალება. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 26:25 წუთში 13 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. თადმა 4-დან 3 ორქულიანი (75%), 6-დან 1 სამქულიანი (17%) და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო (80%). სხვათა შორის ის ერთადერთი სამქულიანი მოედნის ცენტრიდან სირენის ხმასთან ერთად ჩააგდო, როდესაც მისი გუნდი სოლიდური სხვაობით აგებდა. მაკფადენის მარგი ქმედების კოეფიციენტი 11-ს გაუტოლდა.
ჯგუფში ჩარჩა ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიაც“, რომელსაც „ვალენსიასთან“ მოგება გაიყვანდა ნახევარფინალში, მაგრამ მასპინძლებთან უშანსოდ, 81:97 წააგო.
ბურჯანაძემ 22:36 წუთში 11 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. ბექამ 5-დან 3 ორქულიანი (60%), 2-დან 1 სამქულიანი (50%) და 4-დან 2 საჯარიმო (50%) ჩააგდო, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 9-ს გაუტოლდა.
ამრიგად, ნახევარფინალი დაკომპლექტდა. 28 ივნისს, „ბარსელონა“ თად მაკფადენის „ბურგოსს“ შეხვდება, ხოლო თორნიკე შენგელიას „ბასკონიას“ მეტოქე იმავე დღეს „ვალენსია“ იქნება. ფინალი 30 ივნისსაა დაგეგმილი. ესპანეთის ჩემპიონობის შანსი საქართველოს ნაკრების ორ კალათბურთელს აქვს.