COVID-19-მა „ლივერპულის“ ფანები სახლებში ვერ შეაკავა და ქალაქის ქუჩები გაწითლდა. „წითლები“ ინგლისის ჩემპიონები არიან და 13 თვის განმავლობაში კლუბმა მთელი მსოფლიო დაიპყრო: ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ახლა სამი ათწლეულის განმავლობაში პირველი ინგლისის ჩემპიონის ტიტული.
2020 წლის 25 ივნისი, 23:09 წუთი (ადგილობრივი დროით) - დაფიქსირდა „ლივერპულის“ ტრიუმფი პრემიერლიგაში. ტრიუმფი სწორი სიტყვაა: 86 ქულა 31 ტურში, უზარმაზარი შედეგია. ბოლო ჩემპიონობიდან ნანატრ ჩემპიონობამდე დრომ 30 წელი, 362 თვე და 11 016 დღე მიითვალა...
იურგენ კლოპმა და მისმა ფეხბურთელებმა „ჩელსი“ – „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრას ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში უყურეს. გერმანელი მწვთნელი „ლივერპულის“ მაისურში გამოეწყო და Sky Sports-ის ეთერში გამოჩნდა:
„ეს წარმოუდგენელია, ქალაქი 30 წელი ელოდა ამას და ახლა როგორც იქნა, ჩვენ ჩამოვიტანეთ ტიტული ლივერპულში. „ჩელსი“ – „სიტის“ 100 წუთი არასდროს გადიოდა, დაძაბულობა ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ „კრისტალ პალასთან“ 4:0 მოგების შემდეგ კარგი შეგრძნება მქონდა. სამთვიანი პაუზა რთული პერიოდი იყო, იმის გამო, რაც მსოფლიოში ხდებოდა და არც ის იყო დიდი ხნის განმავლობში ცნობილი, გაგრძელდებოდა თუ არა ჩემპიონატი. ამ პერიოდში ზეიმის გამართვა მართლა რთულია. ვიმედოვნებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამის გაკეთებას ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად შევძლებთ“, - თქვა კლოპმა.
კენი დალგლიში იყო იურგენ კლოპამდე ბოლო მწვრთნელი, რომელმაც ინგლისის ჩემპიონის ტიტული „ლივერპულს“ მოაგებინა. მან ამ პერიოდში კორონავირუსი დაამარცხა და ახლა საყვარელი გუნდის ჩემპიონობა ჭიქა შამპანურით იზეიმა:
„ბოლო ორი წელი ამაღელვებელი იყო. გუნდს ენთუზიაზმი ჰქონდა და ტიტულს იმსახურებდა. ამერიკელმა მფლობელებმა კარგად იმუშავეს ამ წლებში. ისინი ყოველთვის ცდილობდნენ მწვრთნელების მხარდაჭერას. „მანჩესტერ სიტი“ ბრწყინვალე მეტოქე იყო, არაჩვეულებრივი მოთამაშეებით, მაგრამ დაცვაში მცირე პრობლემებით. ციკლის გახსნისა და „ლივერპულის“ ბატონობის შესახებ საუბარი ჩემთვის სარისკოა. ინგლისში გუნდები ყოველთვის ძლიერდებიან. მე ველოდები „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ჩელსის“ უფრო მეტად კონკურენტუნარიანს“, - დალგლიშმა ჩართვა სადღეგრძელოთი დაასრულა. მან დაამარცხა კორონავირუსი და „ლივერპული“ ჩემპიონია. კიდევ რა შეიძლება ცხოვრებისგან მოითხოვო?
„ლივერპული“ 2019-2020 წლების სეზონის ჩემპიონია“ - ეს განცხადება „ლივერპულის“ საიტზე „ჩელსი“ – „სიტის“ მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე აიტვირთა. ფანები აTასობით ადგილზე შეიკრიბნენ, ყველაზე სიმბოლური ადგილი კი ცხადია „ენფილდია“. ცა ჯერ კიდევ ნათელია. ინგლისის დასავლეთში მზე ათ საათამდე ცოტა ხნით ადრე ჩადის. მაგრამ ფეიერვერკები, სადღეგრძელოები, კვამლი და მოულოდნელად ცა წითლდება: ათასობით ადამიანი ტიტულს „ენფილდზე“ აღნიშნავს. ქალაქი სავსეა ძირითადად ახალგაზრდებით, მაგრამ ეს არის ბედნიერება ასაკის გარეშე.
„ლივერპულის“ მფლობელმა ჯონ ჰენრიმ ტვიტერში დაწერა: „ეს არის საუკუნის სეზონი და „ლივერპულის“ გულშემატკივრებისთვის. საოცარი წელი, წარმოუდგენელი შედეგები, რაც პრემიერლიგაში ტრიუმფით დასრულდა“.
„ლივერპულის“ 80-იანი წლების ვარსკვლავი გრემ სუნესი კი ამბობს: „ბრწყინავდნენ. ეს გუნდი განსაკუთრებულია, არავის უხარია „წითლებთან“ თამაში. ასეთ დროს ომში წასასვლელად უნდა მოემზადო“.
„ლივერპულის“ ჩემპიონობაზე კომენტარი პეპ გვარდიოლამაც გააკეთა და მეტოქეს დამსახურებული ჩემპიონობა მიულოცა:
„სატურნირო ცხრილში უზარმაზარი უფსკრულია და ეს უნდა გავითვალისწინოთ. „ლივერპული“ ფანტასტიკური იყო. განსხვავება ჩვენსა და მათ შორის? „წითლები“ უფრო მეტად მშიერები იყვნენ მას შემდეგ, რაც გასულ სეზონში ტიტული 97 ქულის მიუხედავად ვერ მოიპოვეს, ჩვენ კი სტაბილურობა გვაკლდა. უნდა ვიმუშაოთ, რომ უფსკრული ამოვავსოთ“.
ამ წერილის დასრულება ყველაზე მეტად სტივენ ჯერარდის სიტყვებით არის მიზანშეწონილი, რომელიც მშობლიური გუნდის ჩემპიონობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„ყველა ლივერპულელს გილოცავთ პრემიერლიგის ჩემპიონობას. წარმოუდგენელი შედეგი ფანტასტიკური გუნდისგან, რომელიც საუკეთესო მოთამაშეებისგან შედგება. რომელსაც მსოფლიო დონის მწვრთნელი და შესანიშნავი სამწვრთნელო შტაბი ხელმძღვანელობს. და ბოლოს, განსაკუთრებით ფანები, რომლებიც 30 წელი ელოდნენ ამ დღეს. ზეიმი დაიწყო“.