კალათბურთი

20:18 | 22.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძემ თად მაკფადენს აჯობა

ესპანეთის ლიგა ენდესას ფინალური ტურნირის B ჯგუფში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი გაუჩნდა.

ბურჯანაძემ და მისმა თანაგუნდელებმა აქამდე დაუმარცხებელი „სან პაბლო ბურგოსი“ ოვერტაიმში დაამარცხეს. ოთხიდან სამი პერიოდი „ბურგოსმა“ მოიგო, მაგრამ ის ერთადერთი მეოთხედი 9 ქულით დათმო (მეორე პერიოდში 10:19) და ძირითადი დრო ფრედ, 78:78 დასრულდა. შედეგად, მატჩის ბედი დამატებით ხუთწუთეულში გადაწყდა (13:9) და საბოლოოდ „გრან კანარიამ“ 91:87 იმარჯვა.

ბურჯანაძემ რესტარტის შემდეგ უდაოდ საუკეთესო თამაში ჩაატარა, 37:14 წუთში 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. ბექამ 6-დან 3 ორქულიანი (50%) და 3-დან 2 სამქულიანი (67%) ჩააგდო, ხოლო საჯარიმო ხაზზე არ დამდგარა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 14-ს გაუტოლდა.

რაც შეეხება თად მაკფადენს, რომელიც „ბურგოსში“ ირჯება, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 30:24 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. თადმა 5-დან 3 ორქულიანი, 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, მაგრამ 6 სამქულიანი ააცილა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მხოლოდ 4 გამოდგა.

„გრან კანარიას“ 2 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 24 ივნისს, „სარაგოსასთან“ ჩაატარებს. იგივე ბალანსი გააჩნია „ბურგოსს“, რომელიც ასევე ორ დღეში მასპინძელ „ვალენსიას“ დაუპირისპირდება.

0.147326