გუშინ დაწყებული ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი გრძელდება და დღეს საქმეში B ჯგუფის გუნდებიც ჩაერთვნენ.
მათ შორის ბექა ბურჯანაძის „გრან კანარია“, რომელიც მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა და მოლოდინისამებრ, წინააღმდეგობა ვერ გაუწია. „სამეფო კლუბმა“ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, შემდეგ „გრან კანარიამ“ გაიბრძოლა, მაგრამ კლასში სხვაობა მთლიანობაში აშკარა იყო - 91:73.
ბექამ პარკეტზე გატარებულ 13:56 წუთში 6 ქულა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი (67%) და 2-დან 2 საჯარიმო (100%) ჩააგდო, ხოლო ერთი სამქულიანი ააცილა. ბურჯანაძის მარგი ქმედების კოეფიციენტი 7-ს გაუტოლდა.
„გრან კანარია“ მეორე ტურის შეხვედრას 20 ივნისს, „მორაბანკ ანდორასთან“ ჩაატარებს.