კორონავირუსის პანდემიის გამო არნემის „ვიტესს“ ფინანსური პრობლემები შეექმნა. არნემელთა ყოფილმა კაპიტანმა გურამ კაშიამ კი, რომელიც ახლა „სან ხოსეში“ თამაშობს, გუნდის მხარდაჭერა გადაწყვიტა.
ქართველმა მცველმა სეზონური აბონიმენტი შეიძინა და ამ ფორმით დაუდგა გვერდში კლუბს, რომელშიც საუკეთესო წლები გაატარა.
„ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი კლუბისთვის. მოდით ერთად დავდგეთ! მზად ვარ ჩემი გუნდის მხარდასაჭერად! „ვიტესი“ სიკვდილამდე. ეს პერიოდი რთულია, როგორც სპორტის მოყვარულებისთვის, ისე სპორტული კლუბებისთვის. ამიტომ, მე „ვიტესს“ გვერდში დავუდგები სეზონური აბონიმენტის შეძენით, რომლითაც ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანები ისარგებლებენ და ასევე ის ქომაგები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით ვერ ახერხებენ ბილეთის შეძენას. ერთად უფრო ძლიერები ვართ“, - დაწერა გურამმა.
შეგახსენებთ, გურამ კაშია „ვიტესში“ 2010-2018 წლებში თამაშობდა და 292 მატჩში 24 გოლი გაიტანა, ერთხელ კი ნიდერლანდების თასი მოიგო.