ფეხბურთი

11:45 | 17.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

მხოლოდ გამარჯვება იცის - 24 წლის კომანი ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ მერვედ გახდა!

მიუნხენის „ბაიერნმა“ ბრემენის „ვერდერი“ 1:0 დაამარცხა და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ზედიზედ მერვედ გახდა გერმანიის ჩემპიონი. გერმანული ფეხბურთის რეკორდი, რომლითაც დაიკვეხნიან ტომას მიულერი, დავიდ ალაბა, მანუელ ნოიერი, ჟერომ ბოატენგი და ხავი მარტინესი.

თუმცა, „რეკორდმაისტერში“ კიდევ არის ერთი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ რვა საჩემპიონო ტიტული მოიგო, ოღონდ სამ სხვადასხვა გუნდსა და ლიგაში - კინგსლი კომანი და საინტერესო დეტალია ისიც, რომ სულ ცოტა ხნის წინ მხოლოდ 24 წლის გახდა.

ფრანგი „ბაიერნში“ 2015 წლიდან თამაშობს, შესაბამისად „ვერცხლის სინი“ მეხუთედ მოიგო, მაგრამ არც გერმანიაში გადაბარგებამდე უჩიოდა ტიტულების ნაკლებობას.

2015 წელს კომანმა იტალიის სერია A მოიგო ტურინის „იუვენტუსის“ რიგებში, ხოლო მანამდე პსჟ-ს მაისურით ზედიზედ ორჯერ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. 2013 წლის თებერვალში იმხანად პარიზელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ კომანი სათადარიგო სკამზე გაამწესა და ამან მისცა საშუალება 17 წლის ასაკში ოქროს მედალი დაესაკუთრებინა. იგივე განმეორდა მომდევნო სეზონშიც. შედეგად, გერმანიის ხუთგზის, საფრანგეთის ორგზის და იტალიის ერთგზის ჩემპიონია.

კინგსლიმ 12 ივნისს იზეიმა 24-ე დაბადების დღე და ოთხ დღეში ზედიზედ მერვე ტიტული მოიგო. ეს მიანიშნებს მაღალი დონის კარიერას მიუხედავად ხშირი დაზიანებებისა და პერსპექტივა ჯერ კიდევ ძალიან გრძელია...

0.110678