ფეხბურთი

12:40 | 17.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"საუკუნის თამაში" ნახევარი საუკუნის წინ (+VIDEO)

გერმანის ნაკრების ყველზე უხერხული მეტოქე იტალიის ნაკრებია. მათ შორის ბევრი საინტერესო დაპირისპირება გამართულა, მაგრამ ყველაზე ეპიკური და დასამახსოვრებელი, ალბათ მაინც ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ შედგა.

„საუკუნის თამაში“ - ამ სახელითაა ცნობილი 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა იტალიასა და გერმანიას შორის. მართლაც, მოედანზე ისეთი ამბები დატრიალდა, დავიწყებას რომ არასდროს მიეცემა.

1970 წლის 17 ივნისს, ზუსტად 50 წლის წინ, მეხიკოში, ლეგენდარულ „აცტეკაზე“ იტალია და გერმანია მუნდიალის ფინალის საგზურისთვის წარსდგნენ ერთმანეთის წინაშე. ორივე გუნდს ჰყავდა დიდებული ფეხბურთელები, ერთ მხარეს სანდრო მაცოლა, ჯიჯი რივა, ჯანი რივერა, ტარჩიზო ბურგნიჩი და მეორე მხარეს ფრანც ბეკენბაუერი, ბერტი ფოგთსი, ვოლფგანგ ოვერატი და გერდ მიულერი. კაპიტნებიც ლეგენდარულები იყვნენ, ჯაჩინტო ფაკეტი და უვე ზეელერი.

შეხვედრამ მოლოდინი სრულად გაამართლა და ანგარიში სწრაფად გაიხსნა. მერვე წუთზე რობერტო ბონინსენიამ „სკუადრა აძურა“ წინ გაიყვანა. ვალკარეჯის გუნდი შეხვედრას აკონტროლებდა და ფინალის საგზურთან ძალიან ახლოს. თუმცა, 90-ე წუთზე კარლ-ჰაინც შნელინგერმა წონასწორობა აღადგინა. რომ არა ეს გოლი, ბუნებრივია, „საუკუნის თამაშის“ სახელწოდებით არ დარჩებოდა ისტორია ეს დაპირისპირება.

შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა და მთავარი მოვლენებიც იქ განვითარდა. თავდაპირველად გერდ მიულერმა გაიტანა და გერმანია დაწინაურდა, რასაც ოთხ წუთში იტალიელთა მცველმა ტარჩიზო ბურგნიჩმა უპასუხა. პირველი დამატებითი ტაიმის ბოლოსწინა წუთზე კი „სკუადრა აძურას“ ბომბარდირმა ჯიჯი რივამ შეძლო ზეპ მაიერის დამწუხრება.

110-ე წუთზე მიულერმა დუბლი გაიფრომა და ანგარიში ისევ გათანაბრდა, მაგრამ საპასუხო შეტევაში, ზუსტად ერთ წუთში ჯანი რივერამ იტალიის ნაკრებს მოაგებინა და ფინალში გაიყვანა, სადაც ბრაზილიას უბრძოლველად წააგო. ასე იყო თუ ისე, ფაქტია, „საუკუნის თამაში“ დღეს იუბილარია, ნახევარი საუკუნის გახდა...

იტალია - გერმანია 4:3 (დ.დ)

იტალია: ალბერტოზი, ბურგნიჩი, ფაკეტი, ჩერა, როზატო (პოლეტი 90), ბერტინი, მაცოლა (რივერა 45), დე სისტი, რივა, დომენგინი, ბონინსენია

სათადარიგო სკამზე დარჩნენ: ძოფი, ვიერი, ფერანტე, ნიკოლაი, პუია, იულიანო, ფურინო, გორი, პრატი

მწვრთნელი: ფერუჩიო ვალკარეჯი

გერმანია: მაიერი, შნელინგერი, ბეკენბაუერი, შულცი, ფოგთსი, პაცკე (ჰელდი 66), ოვერატი, ზეელერი, მიულერი, ლორი (ლიბუდა 53), გრაბოვსკი

სათადარიგო სკამზე დარჩნენ: მანგლიცი, ვოლტერი, ჰოტგესი, ვებერი, ფიხტელი, ლორენცი, სიელოფი, ჰალერი, დიტრიხი

მწვრთნელი: ჰელმუტ შონი

გოლები: 1:0 ბონინსენია (8), 1:1 შნელინგერი (90), 1:2 მიულერი (94), 2:2 ბურგნიჩი (98), 3:2 რივა (104), 3:3 მიულერი (110), 4:3 რივერა (111)

0.130844