კალათბურთი

18:55 | 16.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სათქმელი არაფერი მაქვს" - შენგელიამ ცსკა-ში მოსალოდნელ ტრანსფერს გვერდი აუარა

„ბასკონიას“ ქართველმა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერის შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა. „თოკომოტივის“ განცხადებით, სათქმელი არაფერი აქვს ამის თაობაზე, რადგან ესპანურ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

შენგელია „ბილბაოსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ძირითადად სეზონის განახლებას გამოეხმაურა.

„სათქმელი არაფერი მაქვს. „ბასკონიასთან“ კონტრაქტი კიდევ ორი წელი მაკავშირებს და მთელი ჩემი კონცენტრაცია ახლა გუნდისკენ და ესპანეთის ჩემპიონატისკენაა მიმართული. ჩემი გონება აქაა, არსად სხვაგან.

პოზიტიურად ვხვდებით სეზონის განახლებას. რთულ მომენტში ვართ, როგორც კალათბურთში, ისე ცხოვრებაში, მაგრამ რაც შეიძლება მალე უნდა მოვახერხოთ ადაპტირება. ვვარჯიშობთ და ვემზადებით ტურნირისთვის. ხვალ უკვე სეზონი განახლდება და თამაშზე ვართ კონცენტრირებული.

ახლა ყველა გუნდი ერთსა და იმავე დონეზეა, ყველას შეუძლია ტურნირის მოგება. საბოლოოდ, ვინც ამ მოკლე დროში საუკეთესოდ მოემზადა, ის გაიმარჯვებს. არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ჯგუფი უფრო ძლიერია, ვიდრე მეორე.

არ ვიცით რას უნდა ველოდოთ „ბილბაოსგან“, რადგან ყველაფერი შეიცვალა, ნამდვილად რთული თამაში იქნება. ვიცით, რომ 100%-ით კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ და დაცვაში კარგად ვითამაშოთ, შეტევაში კი ბურთი არ უნდა დავკარგოთ“, - თქვა შენგელიამ.

შეგახსენებთ, „ბასკონია“ 17 ივნისს A ჯგუფში „ბილბაოს“ დაუპირისპირდება. ბასკების გარდა ქვეჯგუფში „ჟუვენტუტი“, „ბარსელონა“, „უნიკახა“ და გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ იმყოფებიან. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გავა და ასპარეზობას B ჯგუფის ორ საუკეთესოსთან ერთად პლეი-ოფში გააგრძელებენ.

0.141442