ფეხბურთი

11:59 | 9.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა: "ტურინში ხალხს ვუყვარვარ და ისინი მეც მიყვარს, მაგრამ ყველაფერი კლუბზეა დამოკიდებული"

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ არ იცის დარჩება თუ არა იტალიურ გრანდში. ფეხბურთელს ამის სურვილი აქვს, მაგრამ კონტრაქტის ვადა ნელ-ნელა იწურება და კლუბისგან გახანგრძლივების წინადადება ჯერაც არ მიუღია.

CNN-თან ინტერვიუში დიბალამ ტურინელებთან თავის მომავალზე დეტალურად ისაუბრა და ელოდება, რომ ახალ კონტრაქტის შესთავაზებენ.

„კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ახლა არაფერი ხდება. წელიწადნახევარი ისევ მაკავშირებს, რაც ბევრი არაა. მესმის კორონავირუსის გამო შექმნილ სიტუაციაში კლუბისთვის ადვილი არაა, მაგრამ სხვა ფეხბურთელებმა გაახანგრძლივეს. ასე, რომ მოდით, დაველოდოთ.

ბედნიერი ვარ „იუვეში“ თამაშით, გულშემატკივარს ძალიან ვუყვარვარ და მე ისინი მიყვარს. მადლიერი ვარ კლუბის და იმ ადამიანების, რომლებიც აქ არიან. პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ერთ დღესაც ვისაუბრებთ, ან შესაძლოა არა, არ ვიცი... კონტრაქტის გახანგრძლივება შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს „იუვენტუსზეა“ დამოკიდებული.

„ბარსელონას“ რაც შეეხება, უზარმაზარი კლუბია, რომელსაც მესი კიდევ უფრო დიდს ხდის და მასთან ერთად თამაში კარგი იქნებოდა. თუმცა, „იუვეც“ წარმოუდგენლად დიდი გუნდია, მდიდარი ისტორიით, სადაც ჩემპიონები თამაშობენ. ჩვენ ისეთი ხარისხის შემადგენლობა გვყავს, რომ ორი შემადგენლობით თამაში შეგვიძლია. ბუფონთან და რონალდუსთან ერთად კი გუნდი კიდევ უფრო დიდია“, - აღნიშნა დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს და 216 შეხვედრაში 91 გოლი აქვს გატანილი. არგენტინელს „ბებერ სინიორასთან“კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

0.114785