კატალონიის „ბარსელონამ“ 5 წლის წინ ამ დღეს, ჯერჯერობით ბოლოჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „ბლაუგრანას“ მაშინდელმა და ახლა უკვე ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა.
ესპანელმა თამაშის წინადღეს ფეხბურთელებთან დიალოგი გაიხსენა.
„მათ ვკითხე: რა არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ფინალში მოხდეს? ჩავიმ და დანი ალვეშმა, ზოგადად ვეტერანებმა მიპასუხეს: „თუ ჩვენი სტილით ვერ ვითამაშებთ!“. მათ ვუპასუხე: „ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ხვალ მოხდეს, ეს არის „იუვენტუსის“ ფეხბურთელობა და „ბარსას“ წინააღმდეგ თამაში. წარმოიდგინეთ რას ნიშნავს სუარესის, მესის, ნეიმარის, ინიესტას, ბუსკეტსის შეჩერება. წარმოიდგინეთ რას ნიშნავს ტერ შტეგენისთვის გოლის გატანა, პიკეს და მასკერანოს წინააღმდეგ თამაში, დანი ალვეშთან თავის დაცვა“, - გაიხსენა ენრიკემ Barca TV-სთან საუბარში.
შეგხსენებთ, რომ „ბარსელონამ“ 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „იუვენტუსი“ ივან რაკიტიჩის, ლუის სუარესისა და ნეიმარის გოლებით 3:1 დაამარცხა.