ბრაზილიური „სან პაულუს“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფლავიო დონიზეტემ 2005 წელს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი გაყიდა. მოტივი? ნარკოტიკის შეძენა.
ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად 36 წლისაა და სახელოვანი კარიერა ვერ აიწყო, წარსულს დიდი სინანულით იხსენებს.
„მსოფლიო ჩემპიონის მედალი 7 000 რეალად გავყიდე (ბრაზილიური ფულის ერთეული, დაახლოებით 1 100 ევრო, დღევანდელი კურსით - რედ). ფული, რომელიც მის სანაცვლოდ მივიღე, თითქმის მთლიანად კოკაინში დავხარჯე. ყველა ნარკოტიკი ორ დღეში გამოვიყნე.
კოკაინმა გულის შეტევა დამმართა, მაგრამ გაკონტროლება შეუძლებელი იყო, რაც უფრო მეტი ფული მქონდა, უფრო მეტი ნარკოტიკი მინდოდა. კოკაინმა გამანადგურა. ყველანაირი შანსი მქონდა, რომ კარგი კარიერა გამეკეთებინა, ეს არის სინანული, რომელთანაც ერთად მთელ ცხოვრებას გავატარებ. უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, პირველ რიგში უარს კოკაინზე ვიტყოდი“, - თქვა ფლავიომ.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2005 წელს „სან პაულუმ“ ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იმხანად ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული „ლივერპული“ 1:0 დაამარცხა.