ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა Tyc Sports-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ ფეხბურთში მწვრთნელის რანგში დაბრუნებაზე ახლა არ ფიქრობს. ფრანგი ფიფაში მუშაობაზეა კონცენტრირებული.
ვენგერი გახარებულია, რომ „ლივერპულმა“ პრემიერლიგაში თამაში წააგო და მისი გუნდის 2003-2004 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი, წაუგებელი ჩემპიონობა, ხელუხლებელი დარჩა.
„ამ ეტაპზე ჩემი საქმიანობა მთლიანად ფიფას ეძღვნება. ჩვენ ვსაუბრობთ ორგანიზაციაზე, რომელსაც 211 ფედერაციის წინაშე აქვს პასუხისმგებლობა და ეფექტურობა დიდი პრობლემაა. არ ვიცი მომენატრა თუ არა ტურნირები, მაგრამ ახლა ვცდილობ ახალ სექტორში საქმე კარგად გავაკეთო.
ფეხბურთი გულშემატკივრის გარეშე არ არის ის, რაც გვინდა, მაგრამ ახლა ამის გაკეთება სწორია. როგორც მინიმუმ, სპორტული შედეგები მოედანზე უნდა გაირკვეს. გერმანიში კარგად მუშაობენ, თამამად, ეს უნდა ვაღიაროთ. საფრანგეთში კი შედარებისთვის ძალიან ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ასე გადაწყვიტეს.
„არსენალის“ დაუმარცხებელი რეკორდი? დიახ, მესიამოვნა „ლივერპულის“ წაგება. ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც რაღაც მხოლოდ შენ გაქვს გაკეთებული. ეს გვიჩვენებს რამდენად რთულია ზოგჯერ გარკვეული შედეგის ჩვენება. იმ დღეს „არსენალის“ გულშემატკივრებიდან უამრავი მესიჯი მივიღე.
ჩემს თავს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ თუ გუნდს დატოვებ, ეს საბოლოო გადაწყვეტილება იქნება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე. „არსენალში“ 1235 თამაში ვიმუშავე, განვიცადე დადებითი და უარყოფითი მომენტები, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდით კლუბის ფასეულობების დაცვას. ვფიქრობ, ეს შევძელით“, - განაცხადა ვენგერმა.
შეგახსენებთ, არსენ ვენგერი ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 22 წელი მუშაობდა. ბოლო დროს კი, ფიფაში გახლავთ დასაქმებული.