ფეხბურთი

21:58 | 20.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

არიც ადურისმა კარიერა დაასრულა

ბილბაოს „ატლეტიკის“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა არიც ადურისმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 39 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ სხეულმა კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცა.

„დადგა დრო. გუშინ ექიმებმა მითხრეს, რომ ფეხბურთის თამაშის შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა და პროთეზი დამჭირდებოდა. სამწუხაროდ, სხეულმა თქვა - საკმარისია. არ შემიძლია თანაგუნდელებს დავეხმარო. ეს პროფესიონალი სპორტსმენის ცხოვრებაა, ძალიან მარტივად. სამწუხაროდ ჩვენ უფრო საშინელ და მტკივნეულ სიტუაციაში ვცხოვრობთ. პანდემიამ გამოუსწორებელი ზიანი მოგვაყენა და ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. ასე, რომ არ მინდა ჩემზე იღელვოთ, ეს მხოლოდ ჩვეულებრივი ამბავია. დასამშვიდობებლად დრო ისევ გვექნება, გულწრფელი მადლობა ყველას“, - დაწერა სოციალურ ქსელში ესპანელმა.

არიც ადურისის კარიერა „აურერაში“ დაიწყო, საიდანაც „ბილბაოში“ გადავიდა. ბასკურ კლუბში სამ სხვადასხვა პერიოდში თამაშობდა და 162 გოლი გაუტანა. ბოლოს „ატლეტიკში“ 2012 წელს „ვალენსიადან“ დაუბრუნდა და 8 წელი უერთგულა.

ამასთან, „ბურგოსის“, „ვალიადოლიდის“, მალიორკასა“ და „ვალენსიას“ შემადგენლობაშიც ითამაშა. ლა ლიგაში ზედიზედ 15 სეზონი მოახერხა მინიმუმ 1 გოლის გატანა, მთლიანობაში კი თავი 185-ჯერ გამოიჩინა. რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, „ფურია როხაში“ ადურისმა 13 მატჩში 2 გოლი მიითვალა.

0.115276