ორი თვისა და რვა დღის შემდეგ გერმანიის ბუნდესლიგა განახლდა. უჩვეულო და უცხო ვითარება სტადიონებზე, ცარიელი ტრიბუნები, სავარჯიშო გარემო, დისტანცია სათადარიგო სკამებზე და 5 შეცვლა თითოეულ მატჩში. ეს ყველაფერი ფეხბურთისთვის სიახლეა და ცხადია უახლოესი თვეების განმავლობაში ყველას ადაპტირება მოგვიწევს.
მანამდე კი მთავარია, რომ ბურთი მწვანე მინდორზე ისევ გააგორეს და დანარჩენსმომავალი გამოაჩენს.
ბუნდესლიგის 25-ე ტურის გამორჩეული დაპირისპირება „სიგნალ იდუნა პარკზე“ შედგა, სადაც რურის დერბი გაიმართა. მეტისმეტად უცნაურია, როდესაც ლეგენდარული „ყვითელი კედელი“ დუმს, მითუფრო დერბის დროს, თუმცა ესეც ვნახეთ. უგულშემატკივრიბა საერთოდ არ შეიმჩნია „დორტმუნდმა“ და მოძულე მტერი 4:0 გაანადგურა.
გერეიროს დუბლს თითო გოლი ერლინგ ჰოლანდმა და ტორგან აზარმა დაამატეს. ბუნებრივია, სეზონის განახლების შემდეგ პირველი გოლი ნორვეგიელმა ფორვარდმა გაიტანა, რომელსაც ხანგრძლივმა პაუზამაც ვერაფერი დააკლო. „დორტმუნდი“ „ბაიერნს“ ერთ ნაბიჯში მიუახლოვდა, მაგრამ „რეკორდმაისტერს“ ახალ გარემოში პირველი მატჩი ჩასატარებელი აქვს.
დაბრუნების შემდეგ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა „ლაიფციგმა“, რომელმაც შინ „ფრაიბურგს“ ვერ აჯობა და მეტიც წაგებასთან ახლოს იყო. ისედაც აგებდა, ხოლო მატჩის მიწურულსსტუმრებმა პენალტი ვერ გაიტანეს. იულიან ნაგელსმანის გუნდზე, როგორც ჩანს, პაუზამ არც ისე კარგად იმოქმედა. „ვოლფსბურგმა“ „აუგსბურგი“ მისსავე მოედანზე დაამარცხა და თავი ევროზონაში ამოჰყო.
დღეს კიდევ ერთი მატჩი შედგება, „აინტრახტი“ „გლადბახს“ დაუხვდება, ტური კი ხვალ გაგრძელდება და ზეგ დასრულდება. ფეხბურთი ახალ რეალობაში ჩვენს წინაშეა.
„აუგსბურგი“ – „ვოლფსბურგი“ 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 სტეფენი (43), 1:1 იედვაი (54), 1:2 გინჩეკი (90)
„დორტმუნდი“ – „შალკე“ 4:0 (2:0)
გოლები: 1:0 ჰოლანდი (29), 2:0 გერეირო (45), 3:0 აზარი (48), 4:0 გერეირო (63)
„დიუსელდორფი“ – „პადერბორნი“ 0:0 (0:0)
„ჰოფენჰაიმი“ – „ჰერტა“ 0:3 (0:0)
გოლები: 0:1 აკპოგუმა (58, ა.გ), 0:2 იბიშევიჩი (60), 0:3 კუნია (74)
„ლაიფციგი“ – „ფრაიბურგი“ 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 გულდე (34), 1:1 პოულსენი (77)