ფეხბურთი

11:18 | 13.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მაისურის ნომერიც მზად იყო" - სქოულზი "მანჩესტერში" რონალდინიოს ჩაშლილ ტრანსფერს სინანულით იხსენებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა 2003 წლის ზაფხული გაიხსენა, როდესაც რონალდინიოს შეძენასთან „წითელი ეშმაკები“ ახლოს იყვნენ.

ინგლისელი სინანულით იხსენებს, რომ ბრაზილიელმა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და „ბარსელონაში“ გადაბარგება ამჯობინა.

„ყოველთვის მახსოვს ორი-სამი ფეხბურთელი, რომელთა „მანჩესტერში“ მოსვლა შეიძლებოდა. ერთი ჰარი კიუელი იყო, ვიცოდით, რამდენად ძლიერი გახლდათ. საბოლოო ჯამში მან „მანჩესტერზე“ უარი თქვა და „ლივერპულში“ გადავიდა, ამიტომ ეს ამბავი ძალიან არ გვაწუხებს. ასევე მახსოვს დემიენ დაფი და არიენ რობენი, რომლებიც ახლოს იყვნენ „იუნაიტედთან“, მაგრამ პირველ რიგში ჩვენთან გადმოსვლასთან ძალიან ახლოს რონალდინიო იყო. არ მახსოვს რომელი წელი იყო, მაგრამ ვიცი, რომ ფერგიუსონმა დაარწმუნა.

საზღვარგარეთ შეკრებაზე ვიყავით და მისი შეძენის ოფიციალური გამოცხადება ძალიან ახლოს გახლდათ. მაისურის ნომერიც მზად იყო, მაგრამ ბოლო მომენტში აზრი შეიცვალა და „ბარსელონაში“ წასვლა არჩია. შეკრებაზე ყველა აღფრთოვანებული ვიყავით, რომ მასთან თამაშის შესაძლებლობა გვექნებოდა, პსჟ-დან მიდიოდა და დარწმუნებული ვიყავით, რომ კანტონას მსგავს სულისკვეთებას მოგვიტანდა.

ყველას იმედი გვქონდა, რომ მასთან ერთად ვითამაშებდით, მაგრამ სანაცვლოდ სამ დღეში მის წინააღმდეგ თამაში მოგვიწია. ყველა ვცდილობდით მისთვის ფეხებში ჩაგვერტყა, რადგან ჩვენთან კონტრაქტი არ გააფორმა. კარიერაში ბევრ ჩემპიონთან ვითამაშე, ის იქნებოდა ერთ-ერთი მათგანი, თუმცა სამწუხაროდ ასე არ მოხდა“, - თქვა სქოულზმა.

0.12326