ფეხბურთი

2:20 | 9.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ისინი ამ ჯილდოს იმსახურებდნენ" - რონალდომ 5 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებსაც "ოქროს ბურთი" უნდა მოეგოთ
"ღმერთს ვეკითხები, რატომ დამემართა ეს ყველაფერი მე"

ესპანური „ვალიადოლიდის“ პრეზიდენტი და ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდო ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში ალესანდრო დელ პიეროს ესაუბრა. ყოფილმა მეტოქეებმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრეს.

რონალდომ დაასახელა ხუთი ფეხბურთელი, რომელთაც „ოქროს ბურთი“ უნდა მოეგოთ და ყველაზე მეტად იმსახურებდნენ, მაგრამ ვერ მოიგეს:

"ჩემი აზრით, შენ (დელ პიერო - რედ), ტოტი, მალდინი, რაული და რობერტო კარლოსი „ოქროს ბურთის“ მოგებას იმსახურებდით, ეს გაკლიათ, საოცარი იყო თქვენი მოედანზე ყურება", - აღნიშნა ბრაზილიელმა.

"ფენომენმა" 1997 წელს "ბარსელონადან" "ინტერში" გადასვლის პროცესის შესახებაც ისაუბრა:

„გაკეთებული არჩევნიდან არცერთს შევცვლიდი. ზოგჯერ მე სხვა ვარიანტები არც მქონდა. „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გავახანგრძლივე, 5 დღის შემდეგ პრეზიდენტმა დამირეკა და მითხრა, რომ არ შეეძლო შეთანხმების პატივისცემა. ვუთხარი, რომ წავიდოდი თუ დაფასებას ვერ ვიგრძნობდი. წარმოუდგენელი იყო, სეზონი მთავრდებოდა და 50 გოლი მქონდა გატანილი. საბედნიეროდ მასიმო მორატი უკვე მზად იყო და შემდეგ „ინტერი“ ჩემი დიდი სიყვარული გახდა, არამარტო საფეხბურთო კუთხით. იტალიაში ცხოვრება საჩუქარი იყო, გარდა ამისა, იმ წლებში იტალიური ფეხბურთი საუკეთესო გახლდათ, ეს დიდი გამოწვევა იყო", - თქვა მან.

ცხადია, რონალდომ გადატანილი მძიმე ტრავმებსაც არ აუარა გვერდი, რომელმაც მისი კარიერა სამუდამოდ შეცვალა:

"ტრავმამ ბევრი რამ შეცვალა, კარგად ვიყავი, 4-5 წელი ფიზიკური პრობლემების გარეშე ვთამაშობდა. 2000 წლამდე დღევანდელისგან განსხვავებით ვარჯიშების სხვა მეთოდები იყო. მახსოვს, რომ რობერტო კარლოსთან და კაფუსთან ერთად ვვარჯიშობდი, მათ რიტმში უნდა მევარჯიშა, რაც არ მჭირდებოდა. დიდ დისტანციაზე სირბილი მიწევდა და ეს ყოველთვის მაზიანებდა. ახლა კი პერსონალური ვარჯიშებია. არავის ვადანაშაულებ, მაგრამ ერთადერთი ახსნა რატომაც მძიმე ტრავმა მივიღე, მეოცე საუკუნეში განსხვავებული ვარჯიშის მეთოდებია. ისე კი, ტრავმები მას მერეც მივიღე, რაც ისე ვვარჯიშობდი, როგორც თავიდან უნდა მევარჯიშა. „მილანში“ იგივე სახის დაზიანება მივიღე, ოღონდ მეორე მუხლზე.

ტრავმებისგან ვისწავლე, უკეთესი ადამიანი გამხადა, ვიდრე მანამდე ვიყავი. პირველი ტრავმის შემდეგ ყველა ამბობდა, რომ ვერ გამოვჯანმრთელდებოდი, რადგან ასეთი დაზიანება ფეხბურთში მანამდე არასდროს ყოფილა. მეშინოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ფეხბურთს დავუბრუნდებოდი, ტრავმებს არ შეეძლო ჩემთვის ფეხბურთის წართმევა. ღმერთს ვეკითხები, რატომ დამემართა ეს, რატომ დამჭირდა თითქმის ორი წელი განსაკურნებლად, თუმცა ფაქტია უკეთესი ადამიანი გავხდი. დღეს მაქვს დისციპლინა, რომელიც ამ ყველაფრისგან გამომდინარეობს", - გაიხსენა რონალდომ.

ცხადია, რონალდო-დელ პიეროს დიალოგი "იუვენტუსი" - "ინტერის" დაპირისპირების გახსენების გარეშეც არ ჩაივლიდა. სამხრეთ ამერიკელმა კომენტარი გააკეთა 2002 წლის 5 მაისს ბოლო ტურში დაკარგულ სკუდეტოზე და 1998 წლის 26 აპრილს, ტურინში მარკ იულიანოსთან შეჯახებაზე, როდესაც მისი გუნდი საჩემპიონო მატჩში მარცხდებოდა და მსაჯმა ტურინელთა კარში მეტად საეჭვო პენალტი არ დანიშნა:

„ვიცოდი, რომ კუპერისგან (საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რომელიც „ინტერს“ 2001-2003 წლებში წვრთნიდა - რედ) ჩემი მომავალი შორს იყო. 5 მაისის თამაში მოგვიანებით გაიმართა, ის სკუდეტო ჩვენ წავაგეთ. პირველ ადგილზე ვიყავით, „ლაციო“ უმოტივაციო იყო, მაგრამ იმ კვირაში ძალიან ბევრი უცნაური რამ მოხდა. საუბარი იყო ნესტას „ინტერში“ გადასვლაზე, როგორც გაწერილ გარიგებაზე, წავედით რომში სათამაშოდ და წავაგეთ. ეს არის ჭრილობა, რომელიც არ ქრება, ყოველ წელს ჩემი ფოტო მხვდება სოციალურ ქსელში, როდესაც სათადარიგო სკამზე ვტირი, 5 მაისი არასდროს იკარგება (2002 წლის 5 მაისი. „ინტერი“ ბოლო ტურში „ლაციოსთან“ დამარცხდა და ჩემპიონი „იუვენტუსი“ გახდა, რონალდომ კი მარცხის გამო იტირა - რედ).

იულიანოსთან შეჯახება 1998 წელს? მესმის, რომ შეცდომები ხდება, შეიძლება შეცდომა დაუშვა. „იუვენტუსს“ ამ ყველაფერთან საერთო არაფერი ჰქონდა, თქვენ (დელ პიეროს მიმართავს - რედ) იმ პერიოდში საოცარ ფეხბურთს თამაშობდით და „იუვეს“ არ სჭირდებოდა მსაჯების დახმარება გასამარჯვებლად. მახსოვს, რომ ძალიან დაძაბული ატმოსფერო იყო, როგორც ცივი ომი", - აღნიშნა სამხრეთ ამერიკელმა.

ბოლოს ლეგენდები სანაკრებო მატჩებზე გადავიდნენ და აღმოაჩინეს, რომ ბრაზილია - იტალია მათ ეპოქაში ერთმანეთს ერთადერთხელ შეხვდნენ.

"ერთხელ ვითამაშეთ ხომ? 1997 წელს საფრანგეთის ტურნირზე, 3:3 დასრულდა, ბრწყინვალე თამაში იყო, შენ დუბლი შეასრულე, მე ერთი გოლი გავიტანე. მეტჯერ სანაკრებო დონეზე ჩვენი გზები აღარ გადაკვეთილა“, - დასძინა რონალდომ.

0.118341