ფეხბურთი

21:33 | 7.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ სარი: "ზიდანს ბნელი მხარეც ჰქონდა, მაგრამ ბურთთან ერთად ფანტასტიკური იყო"

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა მეკარემ ედვინ ვან დერ სარმა „იუვენტუსში“ გატარებული პერიოდი და წარუმატებლობის მიზეზები გაიხსენა. გარდა ამისა, ყოფილი თანაგუნდელის, ზინედინ ზიდანის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

„იუვენტუსში“ გადასვლამდე რამდენიმე არჩევანი მქონდა, „ლივერპულთან“ მოლაპარაკებებსაც ვაწარმოებდი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ინგლისური ფეხბურთი ნიდერლანდულს გავდა და ახალი გამოწვევა მჭირდებოდა. იმ დროს „ლივერპული“ ტოპ სიმაღლეზე არ იყო, „იუვენტუსი“ კი პირიქით. ტურინში მითხრეს, რომ უკნიდან მოკლე პასებით თამაშს აპირებდნენ, მაგრამ ეს არასდროს მომხდარა. მცველს პასს როცა ვაძლევდი, მეუბნებოდნენ, რომ ბურთი ცენტრისკენ უნდა ამეტანა, რადგან უკნიდან თამაში აქ მიღებული არააო. თუმცა, ჩემი ძლიერი მხარე სწორედ ეს იყო. ამ ყველაფერმა ნდობა დამიკარგა, ჩემს თავს არ ვგავდი, მაგრამ ჩემი ბრალია, ბევრი შეცდომა დავუშვი.

ზიდანს რაც შეეხება ბევრს არ ლაპარაკობდა. ჩვენ კომუნიკაცია გვიჭირდა, რადგან ინგლისური ცუდად იცოდა, მხოლოდ ფრანგულად და იტალიურად საუბრობდა. ერთხელ ვარჯიშზე Fiat-ის მანქანით და ჯინსებით მოვიდა, მაშინ როდესაც ყველა Ferrari-თ და „დოლჩე და გაბანას“ ან „ვერსაჩეს“ ბრენდით დადიოდა. მას ბნელი მომენტებიც ჰქონდა, რის გამოც რამდენიმე წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ ბურთთან ერთად ყველაფერი იცვლებოდა, შესანიშნავი იყო. უბურთოთ ასეთი ელეგანტური არ ყოფილა“, - თქვა ვან დერ სარმა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი „იუვენტუსში“ 1999-2001 წლებში თამაშობდა და 88 მატჩი ჩაატარა. შემდეგ კი ტურინელებმა ჯანლუიჯი ბუფონი შეიძინეს და ვან დერ სარი „ფულჰემში“ გაასხვისეს.

0.113654