„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ განაცხადა, რომ სერ ალექს ფერგიუსონს „ოლდ ტრაფორდზე“ კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნება ჰქონდა განზრახული.
ფრანგი ფეხბურთელი ლეგენდარული შოტლანდიელის სიტყვებს იხსენებს, რომელიც 2013 წელს წარმოთქვა:
„99%-ით დარწმუნებული ვარ, რომ კრიშტიანუ რონალდუ და გარეთ ბეილი მჭირდება. ეს ორი ფეხბურთელია საჭირო ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. როდესაც კრიშტიანუს ვესაუბრები, ის დაბრუნებისთვის ყოველთვის მზადაა და კის მპასუხობს“ - გვეუბნებოდა ფერგიუსონი. საბოლოოდ კი, ასე არ მოხდა და ორ კვირაში ფერგიუსონმა კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი იყო“, - გაიხსენა ევრამ.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ზაფხულში ფერგიუსონმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა, რონალდუ „რეალში“ დარჩა, ხოლო გარეთ ბეილი „ტოტენჰემიდან“ „მანჩესტერის“ ნაცვლად „სამეფო კლუბში“ გადავიდა.