ფეხბურთი

20:31 | 2.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიომ დაასახელა ერთადერთი თამაში, რომლის წაგების გამო იტირა

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ Marca-სთან ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, რომ ფეხბურთის გამო ერთადერთხელ იტირა. 2012 წელს, როდესაც მადრიდის „რეალს“ წვრთნიდა და მიუნხენის „ბაიერნთან“ წააგეს, პორტუგალიელს მომხდართან შეგუება გაუჭირდა.

„ეს ღამე ერთადერთია, როდესაც ფეხბურთის თამაშის შემდეგ ვტიროდი. კარგად მახსოვს. მე და აიტორმა (კარანკა - რედ) მანქანა ავტოსადგომზე დავტოვეთ და ჩვენი სახლის წინ ვტიროდით. ძალიან რთული იყო ამ წაგებასთან შეგუება, იმ სეზონში ევროპაში საუკეთესო გუნდი გვყავდა“, - გაიხსენა მოურინიომ.

2011-2012 წლების სეზონში მოურინიოს „რეალმა“ დაამყარა ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი მოპოვებული ქულებისა და გოლების რაოდენობით:

„ჩემთვის ძნელია იმის თქმა იყო, თუ არა ეს კარიერის ყველაზე მაღალი წერტილი, მაგრამ აშკარად მნიშვნელოვანი მომენტი გახლდათ, რადგან ეს მოხდა იმ პერიოდში, როცა „ბარსელონა“ დომინირებდა. ამ დომინაციის დასრულება კი სარეკორდო ქულებითა და გოლებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო. ეს არ გახლდათ მხოლოდ ლა ლიგის მოგება, არამედ ისტორია დავწერეთ.

„ინტერთან“ ერთად მოგებული ტრიპლეტი ჩემთვის განსაკუთრებულია თუ პორტუგალიის ჩემპიონატს ცალკე დავაყენებთ. მინდოდა გამარჯვება და წარმატებას მივაღწიე იტალიაში, ინგლისსა და ესპანეთში. ჯერაც ერთადერთი მწვრთნელი ვარ, ვინც ეს შეძლო. სიმართლეა, რომ ფეხბურთის ისტორიაში შესვლა ასე მსურდა, მაგრამ ასევე „რეალთან“ ერთად გამარჯვებაც მინდოდა“, - განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, 2011-2012 წლების სეზონში „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბაიერნთან" პენალტების სერიაში დამარცხდა.

0.120865