ფეხბურთი

14:42 | 2.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იყიდეთ ჩაკვეტაძე!" - ნიდერლანდურმა მედიამ "აიაქსს" ქართველის შეძენა ურჩია

ამსტერდამის „აიაქსს“ ჰაკიმ ზიეჩის შემცვლელად გიორგი ჩაკვეტაძის ყიდვა ურჩიეს. მაროკოელი ზაფხულში ლონდონის „ჩელსიში“ გადავა. ეს ტრანსფერი ჯერ კიდევ იანვარში დადასტურდა და ამიტომ ნიდერლანდურ გრანდს მისი შეცვლა მოუწევს.

ადგილობრივი გამოცემა voetbalzone.nl-ი სწორედ აფრიკელის პოტენციურ მემკვიდრეებზე წერს და ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, რომ სიაში გიორგი ჩაკვეტაძეა. ნიდერლანდური ვებგვერდის აზრით, ზიეჩის შეცვლა „ქართველ კაკას“ შეუძლია.

„გენტმა“ თითქმის სამი წლის წინ მოახერხა ჩაკვეტაძის გაფორმება „დინამო თბილისიდან“ და არაერთ უფრო დიდი რეპუტაციის გუნდს აჯობა. „ქართველი კაკას“ წასვლის შემდეგ „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განაცხადა, რომ მის დამატებას „ლივერპული“, „ტოტენჰემი“, „ჰოფენჰაიმი“ და „ლევერკუზენი“ ცდილობდნენ. ჩაკვეტაძე მხოლოდ 20 წლისაა და განვითარებისთვის საკმარისი დრო აქვს. „გენტის“ ლიდერი იყო გოლებით, საგოლე პასებით, სანამ მძიმე ტრავმას მიიღებდა. მიმდინარე სეზონში მისი დრო დაზიანების გამო შეზღუდული იყო, მაგრამ ახლა სრულად გამოჯანმრთელდა და უკვე დიდი ხანია თურქული „ტრაბზონსფორი“ და იტალიური „რომა“ დაინტერესებულნი არიან. „გენტში“ ჯონათან დავიდის შენარჩუნების იმედი აღარ აქვთ და ამიტომ ჩაკვეტაძის შენარჩუნებას ყველანაირად ეცდებიან, რამაც შესაძლოა მოლაპარაკებების გართულება გამოიწვიოს“, - წერს voetbalzone.nl.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძეს „გენტთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება 6.7 მილიონი ევროა. 2019-2020 წლების სეზონში ჩვენებურმა 12 მატჩში 2 საგოლე პასი მიითვალა. აქვე იმასაც დავძენთ, რომ გამოცემის აზრით, ჩაკვეტაძესა და ზიეჩს შორის 92%-იანი მსგავსებაა.

ცხადია, გამოცემა „აიაქსს“ ჩაკვეტაძის გარდა ზიეჩის სხვა პოტენციურ შემცვლელებზეც წერს - ალექს ბერენგერი („ტორინო“), რომანო შმიდი („ვოლფსბერგერი“), ებერიჩი ეზე (ქპრ), ლუდოვიკ ბლასი („ნანტი“), კალვინ სტენგსი („ალკმაარი“) და პედრინიო („კორინთიანსი“).

0.117756