ფეხბურთი

11:19 | 29.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ის მეფე იყო" - დელ პიერომ საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, ვისთანაც უთამაშია

იტალიური ფეხბურთისა და „იუვენტუსი“ ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომლის გვერდითაც უთამაშია. ვეტერანმა თავდამსხმელმა არჩევანი 433-თან ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში საუბრისას გააკეთა.

ალესანდროს არჩევანის გაკეთება გაუჭირდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ფრანგი ზინედინ ზიდანი გამოარჩია, რომელთან ერთად „იუვენტუსში“ 1996-2001 წლებში ირჯებოდა.

„იუვეში“ 19 წელი ვითამაშე, დავიწყე ბაჯოსთან და ვიალისთან ერთად, შემდეგ იყო ზიდანი, ვიერი, ინძაგი, ტრეზეგე, ბოკშიჩიც, ეს მხოლოდ თავდამსხმელები, მეკარეები ბუფონი და პერუცი. ძალიან რთულია ერთის ამორჩევა, მაგრამ ევოლუციის გათვალისწინებით - ზიდანი. „იუვენტუსში“ თამაში ახალგაზრდულ ასაკში დაიწყო და 5 წლის შემდეგ „რეალში“ გადავიდა, ვიცით მისი ტალანტი, მეფე გახდა. თუმცა, ერთის ამორჩევა მართლა რთულია.

კარიერის საუკეთესო ეპიზოდი? ემოციურად მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიასთან გატანილი გოლი. ჩვენ იმ ჩემპიონატს კალჩოპოლის სკანდალის გამო დიდ წნეხში შევხვდით, ბევრისთვის გამარჯვების ბოლო შანსი იყო. ტურნირის წინ გასახდელში ვისაუბრეთ და რაღაც განსაკუთრებული ვიგრძენი. კონკურენტებიც ძალიან ძლიერები იყვნენ, მაგრამ ყველაფერი მძიმე შრომით, ვნებით ავაშენეთ და ოცნებას მივყვებოდით. 100%-იანი სრულყოფილები ვიყავით, საერთო ჯამში ორი თვე ვემზადებოდით, სასტუმროში ვიყავით და მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ვფიქრობდით. თუმცა, ასევე გამოვყოფ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დუბლს და ესპანელი ფანების ტაშს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „რეალი“ დავამარცხეთ“, - განაცხადა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, ალესანდრო დელ პიერო „იუვენტუსის“ ღირსებას 1993-2012 წლებში იცავდა და 705 მატჩში 289 გოლის გატანა მოახერხა. კარიერის ბოლოს იტალიელმა ავსტრალიასა („სიდნეი“) და ინდოეთში („დინამო დელი“) ითამაშა.

0.126992