ფეხბურთი

17:23 | 24.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

პაოლო მალდინი: "ისტორიაში ყველაზე წაგებული ფეხბურთელი ვარ"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა პაოლო მალდინიმ კრისტიან ვიერისთან ინსტაგრამში საუბრისას განაცხადა, რომ ისტორიაში ყველაზე წაგებული ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ პაოლომ ძალიან ბევრი ტიტული მოიგო, წაგებული ბევრი ფინალი არ ავიწყდება.

„ყველაზე ცუდად რომელი თამაში მახსენდება? ერთხელ ბობანთან და მასარასთან ერთად ვსაუბრობდი და ვთქვი, „მე ვარ ისტორიაში ყველაზე წაგებული მოთამაშე“. ბევრი ტიტული მოვიგე, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ, მაგრამ ბევრიც წავაგე: სამჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ერთხელ ევროპის სუპერთასის ფინალი, სამჯერ საკონინენტთაშორისო თასის ფინალი, თითოჯერ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის ფინალი, ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი...

გამიმართლა, რომ ბევრი მოვიგე და წაგებული ფინალებიც თამაშის ნაწილია, შესაბამისად, ამას გულწრფელად შევეგუე. ალბათ ყველაზე ცუდად „მარსელთან“ წაგებული ფინალი მახსენდება, მაშინ წაგებას არ ვიმსახურებდით.

ვნანობ, რომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონ იტალიის ნაკრებში არ ვიყავი? მარჩელო ლიპიმ არაერთხელ მთხოვა ნაკრებში დაბრუნება, მაგრამ უარი ვუთხარი და შემდეგ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ვიფიქრე, რამდენად უიღბლო ვარ... ჩემი ბოლო დიდი ტურნირი კორეაში გამართული მუნდიალი იყო, როდესაც ჩვენი შორს წასვლა არ უნდოდათ“, - თქვა მალდინიმ.

შეგახსენებთ, რომ პაოლო მალდინი „მილანში“ 1985-2009 წლებში თამაშობდა და საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგო (თასების თასის და უეფას თასის გარდა). იტალიის ნაკრებთან ერთად კი 1988-2002 წლებში ვერაფერი მოიგო, თუმცა ბევრჯერ ახლოს იყო სანაკრებო ტიტულთან და ხან პენალტების სერიით მარცხდებოდა (1990, 1994, 1998 წლებში) და ხან „ოქროს გოლით“ (2000, 2002 წლებში).

0.118635