ფეხბურთი

18:10 | 23.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლის" გარდაქმნის მომენტი: ინგლისურ ფეხბურთს ახალი ძალა უერთდება

ინგლისური ფეხბურთის გრანდებს სულ მალე შესაძლოა ტიტულისთვის კიდევ ერთი დიდი კონკურენტი შეემატოთ. „ნიუკასლ იუნაიტედს“ სულ მალე არაბული ინვესტიცია ექნება, რომელიც კლუბის აქციების 80%-ს შეიძენს და 200 მილიონი ევროს ინვესტიციას მოახდენს.

საუდის არაბეთის საზოგადოებრივი ინვესტიციის ფონდი (PIF) ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კლუბს შეიძენს დაახლოებით 340 მილიონ ევროდ. მხოლოდ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისა და ინგლისის პრემიერლიგის თანხობა აკლია. შედეგად, მალე ამბიციური არაბული პროექტი დაიწყება.

ეშლიდან არაბულ მილიონებამდე

ერთ ნაბიჯშია ისტორიული ცვლილება. „ნიუკასლის“ პრეზიდენტი 2007 წელს მაიკ ეშლი გახდა, რომელსაც ამ 12 წლის განმავლობაში დიდი ზეწოლის გადატანა მოუწია. „კაჭკაჭებს“ წარუმატებელი პერიოდი ედგათ და მხოლოდ ერთხელ შეძლეს სატურნირო ცხრილის მოწინავე ათეულში მოხვედრა, როჯერ კი პრემიერლიგიდან გავარდნენ.

ეს მეტისმეტად ცუდი შედეგია ქალაქისთვის, რომელიც ფეხბურთით სუნთქავს და ყველა კუთხეში ფეხბურთზე საუბრობენ. „სენტ ჯეიმს პარკი“ 52 000 მაყურებელს იტევს და შედეგების მიუხედავად მუდმივად სავსეა. შესაბამისად, გულშემატკივრები უფრო მეტს მოითხოვენ, რადგან „ნიუკასლი“ ბოლოს ჩემპიონობისთვის 1995-1996 წლების სეზონში ალან შირერის ლიდერობით იბრძოდა, როდესაც „მანჩესტერმა“ წარმოუდგენელი ქამ-ბექი შეასრულა და ჩემპიონობა არ დაანება.

„ნიუკასლის“ ახალი პრეზიდენტები PIF-ის მმართველი იასირ ალ-რუმაიანი და საუდის არაბეთის პრინცი, სატრანსპორტო კომპანიისა და SoftBank Group-ის დირექტორთა საბჭოს წვერი მოჰამედ ბინ სალმანი იქნებიან. მათი სიმდიდრე უფრო მაღალია, ვიდრე „მანჩესტერ სიტისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ მფლობელების, შესაბამისად შეგვიძლია ამის მიხედვით წარმოვიდგინოთ „ნიუკასლის“ უახლოესი მომავალი.

ალეგრიდან კავანიმდე

PIF-ს ძალიან მკაფიო მოსაზრებები აქვს ტექნიკური პროექტის შესახებ. თუ „ნიუკასლი“ საბოლოოდ გაიყიდება, ახალი მფლობელები მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრის ან მაურისიო პოჩეტინოს მიიწვევენ. ორივე თანამედროვე ფეხბურთში გამორჩეულია და ამჟამად უმუშევარნი არიან.

რაც შეეხება ფეხბურთელებს - ბუნებრივია, ამბიცია აქაც მაღალია. უკვე დაწყებულია პირველი კონტაქტი დრის მერტენსთან და ედინსონ კავანისთან, „ჩელსის“ ნახევარმცველი ვილიანი კი B გეგმას წარმოადგენს. ცხადია, ეს მხოლოდ საწყისი ნაბიჯებია და უფრო მეტი დეტალი კლუბის ოფიციალურად გადაცემის შემდეგ გახდება ცნობილი.

არაბულ ფონდს სურს „ნიუკასლი“ თავდაპირველად ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანოს, განაახლოს კლუბის ყველა ინფრასტრუქტურა, ახალი სავარჯიშო მოედნებით და მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელოს აკადემიაში.

ასე, რომ გეგმები სერიოზულია და დიდი შანსია, რომ სულ მალე „ნიუკასლ იუნაიტედის“ სახით არამარტო ინგლისურ, არამედ მსოფლიო ფეხბურთს მორიგი ანგარიშგასაწევი ძალა შეემატოს.

თეგებინიუკასლი
0.121186