ფეხბურთი

10:41 | 22.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძის გადამწყვეტი გოლით ჩემპიონთა ლიგაზე გასული "რეინჯერსი" (+VIDEO)

შოტლანდიის პრემიერლიგის 2002-2003 წლების სეზონი „გლაზგო რეინჯერსის“ ჩემპიონობით დასრულდა. ამის მიუხედავად, ალექს მაკლიშის მაშინდელ კრებულს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური არ მიუღია, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება ირგუნა.

შედეგად, „რეინჯერსს“ ჯგუფში მოსახვედრად ამ ეტაპის გავლა სჭირდებოდა. წილისყრით შოტლანდიელები დანიურ „კოპენჰაგენს“ გაეჯიბრნენ.

პირველი მატჩი „აიბროქსზე“ გაიმართა და ლოვენკრადსის სწრაფ გოლს მეორე ტაიმის დასაწყისში იონსონმა უპასუხა - 1:1. ყველაფერი 2003 წლის წლის 27 აგვისტოს დანიაში, „პარკენზე“ გადაწყდა. მიკელ არტეტამ პენალტით მეორე ნახევარის დასაწყისში გახსნა ანგარიში, ხოლო 83-ე წუთზე ალვარომ წონასწორობა აღადგინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ დამატებითი დრო უნდა დანიშნულიყო.

თუმცა ასე არ ფიქრობდა შოთა არველაძე. ქართველმა ფორვარდმა 87-ე წუთზე ახლო მანძილიდან დანიელთა კარი დალაშქრა და „რეინჯერსი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედთან“, „შტუტგარტთან“ და „პანათინაიკოსთან“ ვერაფერს გახდა და 4 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა. თუმცა, ცხადია, ეს წარუმატებელი გამოსვლა შოთა არველაძის დამსახურებას არ აკნინებს. ბოლოსკენ ისიც ვთქვათ, რომ ხსენებულ ორივე შეხვედრაში ზურაბ ხიზანიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო არველაძე 90 წუთი მოედანზე მხოლოდ დანიაში იყო.

0.118331