საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ ფეხბურთელ გიორგი ჩაკვეტაძის გადაბირება თურქეთის სუპერლიგის ლიდერ „ტრაბზონსფორს“ უნდა. როგორც გამოცემა karadenizgazete წერს, კლუბის პრეზიდენტი აჰმეთ აღაოღლუ პირადადაა ტრანსფერებში ჩართული და მთავარ მწვრთნელ ჰუსეინ ჯიმშირთან მუდმივ კავშირშია.
გამოცემა წერს, რომ „ტრაბზონის“ პრეზიდენტია გაბრაზებულია, რადგან თავის დროზე ჩაკვეტაძის შეძენა 1.5 მილიონ ევროდ შეეძლოთ, ახლა კი მისი ფასი საგრძნობლად გაიზარდა, რაც თურქებისთვის პრობლემაა.
თურქული მედიის ცნობით, „ტრაბზონს“ არგენტინელი შემტევის, ხოსე სოსას მეწყვილედ ახალგაზრდა ფეხბურთელი სურს და თვალი გიორგის დაადგეს.
„სად იყო ჩვენი ტვინი, როდესაც ეს ბავშვი „გენტში“ გადადიოდა?“, - ციტირებს გამოცემა აღაოღლუს სიტყვებს. „ტრაბზონსფორის“ პრეზიდენტი გაცხარებულია, რადგან მიაჩნია, რომ მაშინ მისი ყიდვა 1.5 მილიონ ევროდ შეეძლოთ, ხოლო ახლა თუნდაც ფეხბურთელის სურვილის შემთხვევაში მინიმუმ 5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
რეალურად, მოსალოდნელია, რომ „გენტი“ ჩაკვეტაძეს უფრო ძვირად დააფასებს, რადგან ქართველს ბელგიელებთან გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს, 2023 წლამდე. „ტრაბზონსოფორი“ კი თურქეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, თუმცა ცხადია სეზონი შეწყვეტილია.
აქვე გეტყვით, რომ 2019-2020 წლების სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ 12 თამაში ჩაატარა, გოლი არ გაუტანია და 2 საგოლე პასი მიითვალა.