ბოლო ნიდერლანდური გუნდი, რომელმაც ევროთასის მოგება მოახერხა როტერდამის „ფეიენოორდია“. დიახ, არც „აიაქსი“ და არც „პსვ ეინდჰოვენი“, არამედ „ფეიენოორდი“.
ეს 18 წლის წინ, როდესაც ბერტ ვან მაარვიკის გუნდმა უეფას თასის ფინალში, საკუთარ „დე კუიპზე“ (განგებით იმ ფინალში ითამაშა, რომელიც მშობლიურ არენაზე ტარდებოდა) დორტმუნდის „ბორუსია“ 3:2 დაამარცხა. როტერდამელთა ლიდერი მაშინ პიერ ვან ჰოიდონკი იყო, ჯარიმების დიდოსტატი და არც ისე დაეწუნებოდა რამე. „ფეიენოორდმა“ ფინალამდე დიდი გზა განვლო და ერთ-ერთი ურთულესი დუელი მეოთხედფინალში გადახდა, როდესაც მოძულე პსვ-ს გაეჯიბრა.
პირველ შეხვედრაში „ფილიპს არენაზე“ ვან ჰოიდონკის გოლს მალევე მატია კეჟმანმა უპასუხა, საპასუხო დაპირისპირება კი, 2002 წლის 21 მარტს „დე კუიპზე“ შედგა. 75-ე წუთზე მარ ვან ბომელმა სტუმრები დააწინაურა და პსვ ძალიან ახლოს იყო ფინალთან, მსაჯის მესამე კომპენსირებულ წუთამდე ინარჩუნებდა ნახევარფინალის საგზურს.
თუმცა ერიკ გერეტსის გუნდს შემდეგი ეტაპის საგზური ხელიდან მოუსვენარმა ვან ჰოიდონკმა გამოაცალა და ორი მატჩის სრული თანაფარდობა დაფიქსირდა - 1:1, 1:1. დამატებით დროში გოლი არ გასულა და ყველაფერი პენალტების სერიაზე მიდგა.
პსვ ეინდჰოვენის რიგებში იმ თამაშში 77-ე წუთზე დანიელი დენის რომედალის ნაცვლად მინდორზე ქართველი ნახევარმცველი გოგა გახოკიძე გამოჩნდა. საერთოდ 2001-2002 წლების სეზონი გოგას კარიერაში საკმაოდ წარმატებული იყო და ბელგიელი ერიკ გერეტსი ხშირად ენდობოდა. პენალტების სერიაში ბურთთან ქართველიც მივიდა, მაგრამ სამწუხაროდ როტერდამელთა კიპერს ვერ აჯობა. გუნდებმა 10 პენალტი შეასრულეს და გახოკიძე გამონაკლისი გამოდგა, მხოლოდ მან ვერ გაიტანა და „ფეიენოორდი“ ნახევარფინალში გავიდა, სადაც მილანის „ინტერს“ აჯობა, მერე ფინალიც მოიგო და საბოლოოდ ტიტულსაც დაეუფლა. გოგა გახოკიძემ კი მაშინ ბევრი ინერვიულა, რაც ბუნებრივია, მაგრამ ესეც ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, ხან ასე ხდება, ხან - ისე.