საქართველოს ეროვნული ნაკრების სნაიპერი, დუდა სანაძე იზოლაციაშიც უბადლოდ ისვრის – თუმცა კუსტარულად დამზადებულ ბურთებს (იხილეთ ვიდეო). რაც შეეხება დრიბლინგს, პორტუგალიური “ოლივეირენსეს” ლიდერი ჩვეულებრივ ბურთს იყენებს და სხვადასხვა კომპონენტებთან ერთად იზოლაციაში ვარჯიშობს. ერთი თვის მანძილზე სახლში მყოფი სანაძის საუკეთესო გასართობი ონლაინ-თამაშებია, რაშიც მისი მთავარი პარტნიორი ბექა ბურჯანაძეა. იზოლაციაში მყოფი დუდა თავის ყოველდღიურობაზე პორტუგალიიდან გვიამბობს…
პორტუგალიის ჩემპიონატის ბედი
უკვე დაახლოებით 1 თვეა, რაც ვარჯიშები და ამასთან ერთად პორტუგალიის უმაღლესი ლიგა და ყველა ჩემპიონატი ოფიციალურად შეწყდა. ელოდებიან სიტუაციის დასტაბილურებას და რამდენადაც ინფორმირებულები ვართ, ამ თვის ბოლოს იგეგმება შეხვედრა, სადაც ყველაფერი საბოლოოდ უნდა გადაწყდეს – გაგრძელდება სეზონი თუ ყველაფერი დასრულდება. დღევანდელი გადმოსახედიდან წარმოუდგენლად ჩანს კალათბურთის და ზოგადად ნებისმიერი შეჩერებული აქტივობის გაგრძელება, თუმცა თავად გუნდებს და მოთამაშეებს დიდი სურვილი აქვთ ჩემპიონატების განახლების. ვიცით, რომ ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული და ამიტომ ველოდებით ეპიდემიის გავრცელების ტემპების შეჩერებას და იმედს ვიტოვებთ, ამ სეზონში ისევ მოგვიწევს თამაში.
მოგებული თასის შემდეგ ჩემპიონობას ვგეგმავთ
“ოლივეირენსე” პორტუგალიის ბოლო 2 სეზონის ჩემპიონია და რა თქმა უნდა, დიდი სურვილი გვქონდა, ზედიზედ მესამედ მოგვეგო ტიტული. ამის პოტენციალი ჩვენს გუნდს ნამდვილად ჰქონდა, რაც ცოტა ხნის წინ ქვეყნის თასის მოგებით დაამტკიცა. ეს ტიტული პირველი იყო ჩემთვის პორტუგალიაში და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანიც. მიხარია, რომ შედეგიანი თამაშით გუნდს წარმატების მოპოვებაში დავეხმარე. კონკურენტები ტრადიციულად “პორტო”, “ბენფიკა” და “სპორტინგი” არიან, თუმცა ჩვენ მზად ვართ საჩემპიონო ტიტულის დასაცავად და თუკი თამაშები გაგრძელდა, უპირველესი მიზანი პირველი ადგილის მოპოვება იქნება.
იზოლაციაში ვარჯიში
ძალიან რთულია სახლის პირობებში სასურველი ფორმის შენარჩუნება. მართალია, ყოველდღიურად ვვარჯიშობ და მწვრთნელის ყველა დავალებას ვასრულებ, მაგრამ დარბაზისა და სახლის ვარჯიშები ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება. გვაქვს აპლიკაცია, სადაც შესაბამისი მწვრთნელები ყოველდღიურად დებენ ვარჯიშებს, რომლებსაც სახლში ვასრულებთ. მე მარტო ვცხოვრობ და ეს გარკვეულწილად მეხმარება, კონცენტრაცია ვარჯიშებზე უფრო მეტად მოვახდინო.
ვითარება ქალაქში და იზოლაციის მკაცრი დაცვა
ოლივეირენსეში ეპიდემიოლოგიური კუთხით საგანგაშო ვითარება არაა. კორონავირუსამდეც აქ ნაკლები აქტივობა იყო. პატარა ქალაქია და სამუშაო დღეებშიც კი არ იყო გადატვირთული ქუჩები. უფრო რთული ვითარებაა დიდ ქალაქებში – პორტოში, ლისაბონში, ოვარში…
თუ განსაკუთრებული შემთხვევა არაა, სახლს არ ვტოვებ. მარკეტში კვირაში ერთხელ გავდივარ და იმდენ პროდუქტს ვყიდულობ, რომ 7 დღის განმავლობაში მეყოს. მოგეხსენებათ, მაღაზიებში ვირუსის გავრცელების რისკი დიდია და რომ გავდივარ, ყველანაირად – ხელთათმანებით, პირბადით, ნიღბით ვარ აღჭურვილი. სხვა გზა არაა, უნდა გავიჭირვოთ და დავიცვათ ყველა აუცილებელი რეკომენდაცია, რათა ეპიდემია მალე დასრულდეს.
მარტო სახლში
ძალიან რთულია, როცა მთელი თვე სახლში და თან მარტო ხარ. ვცდილობ, არ მოვდუნდე და სულ დაკავებული ვიყო. როგორც გითხარით, ვარჯიშს დიდ დროს ვუთმობ. ასევე გამოვიწერე ონლაინ კურსები და ვსწავლობ ჩემთვის საინტერესო საგნებს. მნიშვნელოვან დროს ვუთმობ კომპიუტერულ თამაშებს და ეს გართობაში დიდად მეხმარება. ესაა და ეს, რისი გაკეთებაც ბოლო ერთი თვეა, მიწევს.
დუდა და ბექა ბურჯანაძე – თანამებრძოლები ვირტუალურ ომში
როგორც გითხარით, ვიდეოთამაშები არის ის ერთადერთი გასართობი, რომლითაც დროის იოლად გაყვანაა შესაძლებელი. თითქმის ყოველდღიურად ვთამაშობთ ონლაინ მე და ბექა ბურჯანაძე. ძირითადად, საქვეყნოდ პოპულარულ Call of Duty-ის ვთამაშობთ და იმდენად შევეწყვეთ, იმ დღეს ხუმრობით ვამბობდით, ომი რომ დაიწყოს, ალბათ საუკეთესო თანამებრძოლები ვიქნებითო. თამაშში ხშირად გვიერთდებიან თორნიკე შენგელია და ვიქტორ სანიკიძეც.
ონლაინ-კომუნიკაციები
ჩვენი ნაკრების წევრებიც იზოლაციაში არიან და ყველა თითქმის სულ ინტერნეტში, ონლაინზეა. აქედან გამომდინარე, ხშირი კომუნიკაცია გვაქვს ერთმანეთთან, თუმცა, ონლაინ-თამაშებიდან გამომდინარე, როგორც გითხარით, ყველაზე ხშირად ბექასთან, თოკოსთან და ვიკასთან (სანიკიძე) მიწევს კომუნიკაცია. ყოველდღიურად ვეკონტაქტები ჩემი ოჯახის წევრებს, შეყვარებულს და, რა თქმა უნდა, მეგობრებს.
ევრობასკეტის შესაძლო გადადება
სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე ხშირად ვფიქრობ და ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს – კარგია თუ ცუდი ევრობასკეტის გადადება?! მთავარი პლუსი ალბათ ისაა, რომ როგორც მასპინძლები, მეტი დრო გვექნება მოსამზადებლად. 2 წელიწადში თავისუფლად მოესწრება როგორც შესაფერისი დარბაზის აშენება, ისე ნებისმიერი სხვა საორგანიზაციო საკითხის მოგვარება. სხვა მხრივ, დრო გამოაჩენს. ჯერ მთავარი საზრუნავი ამ ეპიდემიის დასრულება და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებაა.
GBF.GE