დილა ჩვეულებრივად დაიწყო - მარტივი, სტანდარტული პროცედურები და "სქროლვა". კორონას მიერ ოკუპირებულ News Feed-ზე რომ აქა-იქ სპორტული სიახლეები ამოხტება, ეგაა ჩემი და კიდევ ბევრი ადამიანის დილის მთავარი "ჰაილაითი".
COVID-19 რომ სპორტსაც გადაწვდა, არახალია. შესაბამისად, არც ის გვიკვირს, სპორტული სიახლეების უმრავლესობაც რომ ამ ეპიდემიის გარშემო ტრიალებს. პირველი "ნიუსი" თაუნსზე იყო. დავითრგუნე. ეს ბიჭი ჩემზე უმცროსია და იმის წარმოდგენაც კი მზარავს, ახლა რა მდგომარეობაშია. შემდეგ იყვნენ მალდინები - ყველა ჯანმრთელადაა და ამას მათი სპორტული ოჯახის სადილის ფოტო მოწმობს - დაუვიწყარი იტალიური სამზარეულოს ელემენტები და ბევრი, ნაკლებად სპორტული, "კოკა-კოლა".
რონალდო, ზაზა, გოგა და კენდრიკ ნანი...
რონალდო გასაგებია - კვირაზე მეტია, სპორტული ფორუმები მის ირგვლივ "უახლესი ინფორმაცია - გახსენით და თქვენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება" ტიპის სიახლეებით გაივსო.
ზაზას და გოგას Live თუ არ გინახავთ, უყურეთ, კარგი გამოვიდა.
კენდრიკ ნანს რაც შეეხება, რაღა დაგიმალოთ და მისი ფოტოს დანახვისას ცოტა შევშინდი - კარგი ბიჭია, მაგრამ არა იმდენად (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით), რომ ამ გაგანია პანდემიის დროს პოპულარული იყოს.
რა ხდება კენდრიკის თავს? რა და, კუმ ფეხი გამოყოო, ხომ გაგიგიათ? გამომხტარა ეს ნიჭიერი ახალგაზრდა და წლის საუკეთესო ახალწვეული მე ვარო. დიახ, სწორად წაიკითხეთ, მე და არა მორანტი ან ზაიონიო... ხოდა, სწორედ ამან მიბიძგა დღევანდელი სტატიისკენ - ვინ არის NBA-ში ვარსკვლავი და ვინ - არა?
"ვარსკვლავი" შედარებითი ცნებაა - ზოგისთვის ის მხოლოდ პოპულარობასთან ასოცირდება, ზოგისთვის - All Star-ზე მოხვედრასთან, ბევრისთვის კი ეს ერთი დიდი სიმრავლეა, რომელიც არაერთი ელემენტისაგან შედგება. ჩემს მოსაზრებაზე ქვემოთ...
ერთ რაღაცაზე თავიდანვე შევთანხმდეთ - არამატერიალურ ვარსკვლავად ქცევა ყველას შეუძლია - როგორც ძალიან, ისე ნაკლებად ნიჭიერს. NBA-ში ვარსკვლავი ბევრია და სასიამოვნოა, რომ დროთა განმავლობაში "შევსებაც" უკეთესია, მაგრამ რა გვაძლევს მოთამაშისთვის ამ სტატუსის მინიჭების საფუძველს და ვინ არის ნამდვილი ვარსკვლავი?
თემა დიდია და ბევრ მოთამაშეს ეხება. შესაბამისად, სისულელე იქნება, ლიგაში მოთამაშეთა 450 კაციანი სია რომ ჩამოვწერო და გვერდით "კი" ან "არა" მივუწერო. ალბათ, მეთანხმებით. ამიტომაც, მოთამაშეები რამდენიმე კატეგორიად დავყოთ და თავიდანვე შევთანხმდეთ, ვისი სტატუსია "გამოსაკვლევი" და ვისი - არა.
სამ კატეგორიაზე რას იტყვით? მაგალითად, "100%", "50/50" და "არა".
"არა"-თი დავიწყოთ.
არავინ კამათობს, რომ NBA-ში მოხვედრა უკვე ბევრს ნიშნავს და თუ თქვენი საყვარელი მოთამაშეები ამ სიაში მოხვდნენ, არ იფიქროთ, რომ მათ ცუდ კალათბურთელებად ვთვლი. არავითარ შემთხვევაში! ისინი, უბრალოდ, საუკეთესოთა შორის საუკეთესონი არ არიან, თორემ შედარებით დაბალი დონის (თუნდაც ესპანეთის) ჩემპიონატში რომ ბევრი role player MVP-ზე "გაიწევდა", ესეც 100%-იანი სიმართლეა.
რაც თავი მახსოვს, "ლეიკერსს" ვგულშემატკივრობ და თავში პირველი "მელოტი მამბა" - ალექს კარუზო მომივიდა. კარუზო ვარსკვლავი ნამდვილად არაა, მაგრამ თუ ამ საოცრად დაბალანსებულ "ლეიკერსში" მის როლს გავითვალისწინებთ, არც პარკეტზე და არც მის გარეთ, ჩვენი გასაკრიტიკებელი ნამდვილად არაფერი აქვს. ის გუნდის სასტარტო ხუთეულის წევრი არაა, მაგრამ ნამდვილად ვერ ვხედავ ევროპულ გუნდს, სადაც ის ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდებოდა (თუ ოკლაჰომასა და ჰარდენის მოდელს არ ავიღებთ). იმავეს თქმა შემიძლია ჯალილ ოკაფორზე, ნერლენს ნოელზე, მაილს ტერნერზე, გალინარიზე, არიზასა და კიდევ ათეულობით მოთამაშეზე. უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, NBA-ს ის მოთამაშეებიც კი, რომლებიც დღეს შეიძლება filler-ებად (15 კაციანი განაცხადის შესავსებად რომ არიან გუნდებში) მოვიხსენიოთ, სხვაგან გამორჩეულები იქნებოდნენ.
"50/50" ჯერ გამოვტოვოთ და "100%"-იანთა ჯგუფს შევხედოთ. სია დიდი და შთამბეჭდავია - ლებრონი, კავაი, იანისი, დურანტი, კარი, კაირი, ჰარდენი, რასი, ჯორჯი, დევისი, იოკიჩი, ლილარდი, კლეი, სიმონსი, ემბიდი, კემბა... სია, ბუნებრივია, არასრულია, მაგრამ დანარჩენები თავად დაამატეთ. ამ ბიჭებზე ლაპარაკის დაწყება და ვერ დასრულება ერთსა და იმავეს ნიშნავს, ამიტომ დიდხანს არ გავჩერდები და მესამე, ყველაზე დიდ და სადავო კატეგორიაზე გადავალ.
"50/50" ეს არის ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულია NBA-ს მოთამაშეთა დიდი ნაწილი:
- ბიჭები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ გამოჩნდნენ და კარგად გამოიყურებიან - ტეიტუმი, მიჩელი, ინგრამი, ლავინი, თაუნსი, რასელი, მარეი, ...
- ისინი, რომლებიც დიდი იმედებით მოვიდნენ, მაგრამ მათზე გაცემულ ავანსებს ჯერ ბოლომდე ვერ ამართლებენ - ლონზო, ბრაუნი, მარკანენი, პორზინგისი, რენდლი, ეგზუმი, ...
- ახალგაზრდები, რომელთაგანაც ბევრს ელოდნენ და მოლოდინს მაინც გადააჭარბეს - დონჩიჩი, ტრეი, მორანტი, ზაიონი, ....
- ახალგაზრდები, რომლებსაც ბევრი არ იცნობდა, მაგრამ მშვენივრად გამოიყურებიან - სიაკამი, ნანი, რობინსონი, ჰეისი, ჰარტი, ოსმანი, ...
- ახალწვეულები, რომლებიც ლიგას ჯერ კიდევ ეჩვევიან - უაითი, ბარეტი, გოგა, ...
- მოთამაშეები, რომელთა ფორმის პიკი, ალბათ, უკვე ჩავლილია და ვეღარ მოუმატებენ, მაგრამ თავის დროზე სასწაულებს ახდენდნენ - გრიფინი, ჰოვარდი, ვინსი, ლავი, ქაზენსი, ...
- კალათბურთელები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ერთსა და იმავე, საშუალო ან უფრო მაღალ დონეს გვიჩვენებენ - ჰეივორდი, დრამონდი, ოლადიპო, დრეიმონდი, ჰილდი, დენი გრინი, სმარტი, ბოგდანოვიჩები ...
- ისინი, რომლებმაც კარგად დაიწყეს, მაგრამ, თითქოს, ვეღარ უმატებენ - კუზმა, ფოქსი, ეიტონი, ...
- ბიჭები, რომლებიც ...
მგონი, კატეგორიები საკმარისი და გასაგებია, მაგრამ რა აერთიანებთ მათ? ზოგი მათგანი უმაღლეს დონეზე თამაშობს, ზოგიც - საშუალოზე ან კიდევ უფრო დაბალზე... ერთი კატეგორია მეორეზე ძლიერია და ა.შ. ზოგი ნამდვილად გახდება ვარსკვლავი და ბევრზე საპირისპიროს თქმაც დანამდვილებით შეგვიძლია. ხშირ შემთხვევაში, საქმე ერთჯერად "გამონათებებთან" გვაქვს, არც მოთამაშეთა "კარდიოგრამისებრი" გამოსვლაა იშვიათი. ხანმოკლე ან უსისტემობას შეწირულ კარიერებსაც შევხვედრილვართ. ჩემი აზრით, მათი უმაღლესი კატეგორიისგან გამომყოფი სწორედ ხსენებული მიზეზებია.
გავიხსენოთ კავაი და 2014 წლის ფინალური სერია. საოცარი დაცვა ლებრონის წინააღმდეგ და ბევრად უკეთესი შეტევითი არსენალის გამოვლინება, ვიდრე 2013 წელს. როდესაც, 22 წლის ბიჭი მთელი სერიის განმავლობაში ფორმის პიკში მყოფ მეფეს "უდგახარ" და ფინალების MVP ხდები, სერიოზული მიღწევაა და რთულია, მეტი ინატრო... მაგრამ დღეს ლეონარდი სულ სხვა დონეზეა გასული - არტესტის "გაშალაშინებული" ვერსიიდან ეს ბიჭი 5 წელიწადში ლიგის (ერთ-ერთ) საუკეთესო მოთამაშედ გადაიქცა. რამდენჯერ ჩაღრმავებულხართ ამის მიზეზებს? სად იქნებოდა ეს დრედებიანი ახალგაზრდა, რომ არა "რეპტორზი", ჩემპიონობა და კიდევ ერთი MVP? რომ არა ემბიდის ხელიდან ჩაგდებული "ბაზერი" და ოქროს ბიჭების დამარცხება? რა მოხდებოდა, კავაის საკუთარ თავზე რომ მუდმივად არ ემუშავა და ამაში ნამდვილი მამბა არ ჩაერთო? - მაქსიმუმ როდმანისა და პიპენის ჰიბრიდული ვერსია...
სად იქნებოდა პოლ ჯორჯი, რომ არა ის საოცარი პროგრესი, რომელიც 2014-2015 წლებში ვიხილეთ?
რამდენი ბეჭედი ექნებოდა კარის, მხოლოდ კორვერობას რომ დასჯერებულიყო? რით იდგებოდა ის კლეიზე, ბოგდანოვიჩებზე და ჰილდზე წინ?
ვინ იქნებოდა ლიგის მოქმედი MVP, იანისს საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობები ბოლომდე რომ არ გამოეყენებინა?
ვინ იქნებოდა მეფე, მხოლოდ ფიზიკური მონაცემების ხარჯზე რომ ეთამაშა?
რამდენიმე დღის წინ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული გამოცემის სტატიას წავაწყდი იმის თაობაზე, რომ ფაჩულია თავისი დრაფტის მე-10(!) არჩევანი უნდა ყოფილიყო... მე-10... თუ არ გახსოვთ, გეტყვით, რომ ზაზა ლიგაში ლებრონთან, უეიდთან, მელოსთან, ბოშთან და სხვებთან ერთად მოვიდა. ფაჩულიას, ქართველი სპორტსმენთა შორის, ალბათ, ყველაზე დიდ პატივს ვცემ და ვთვლი, რომ არამხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელი, არამედ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი სპორტსმენია, მაგრამ გულახდილი ვიქნები და ვიტყვი, რომ 2003 წლის დრაფტზე მასზე ნიჭიერი არაერთი კალათბურთელი იყო, 17 წლის შემდეგ კი მან ასეთი აღიარება მოიპოვა. რატომ?
სხვადასხვა სეზონში სამქულიანი სროლის პროცენტული მაჩვენებლით კლეის ჯარედ ბეილისი, მაკდერმოტი, ბელინელი, კალდერონი და აფლალო უსწრებდნენ, მაგრამ რომელი "დაუდგება" ტომპსონს ამ საქმეში? ჩემი აზრით, თუ ასეთი ადამიანი საერთოდ არსებობს, ვარიანტი მხოლოდ ერთია და ისიც მის გვერდით დარბის პარკეტზე.
ყოფილა სეზონები, როდესაც როი ჰიბერტი ისეთ სტატისტიკაზე გადიოდა, დღევანდელი "ბობოლა" ცენტრების უმრავლესობას რომ არც კი დაესიზმრება, მაგრამ დღეს ბისმაკ ბიომბოც კი უკეთეს მოთამაშედ ითვლება, ვიდრე როი. რატომ?
ზემოთ დასმულ თუ არდასმულ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი მარტივია - სტაბილურობა! ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ის მთავარი მახასიათებელი, რაც ვარსკვლავს სხვა მოთამაშეებისგან გამოარჩევს. ეს ის კომპონენტია, რომლითაც ვერ დაიბადები და რომელიც უნდა გამოიმუშავო.
არ ვამბობ, რომ, კავაის მსგავსად, რობოტის შთაბეჭდილების დატოვება ან ლებრონისებრი დომინაცია ვარსკვლავობის აუცილებელი კომპონენტია, მაგრამ "ცივსისხლიანობა" და სტაბილურობის მაღალი დონე გარკვეული დოზით ნამდვილად საჭიროა.
სასაცილოა, ვინმე დაავალდებულო, რომ ბრაიანტის მენტალობა ან შაკის ფიზიკური მონაცემები ჰქონდეს. ვერც იანისის ზომის კიდურებს მიაკერებ ვინმეს და ვერც იმის გამო "დაბლოკავ" მოთამაშეს, რომ სტეფის მსგავს სანახაობას ვერ დგამს პარკეტზე, მაგრამ თუ კარიმ ამ დონეზე ასვლა შეძლო, საკუთარი თავისგან სტეფის "ჩინური" ვერსიის შექმნა მსგავსი აღნაგობის ახალგაზრდა მოთამაშეებს ნამდვილად შეუძლიათ. მთავარი სტაბილურობაა, რაც ბევრი ვარჯიშის, მიზანდასახულობის, ოფლისა და ტკივილის გარეშე უბრალოდ მიუღწევადია...
რაც შეეხება კენდრიკ ნანს, ვურჩევდი, მსგავს გამოხტომებს მოუკლოს და პროგრესზე იფიქროს, თორემ დებიუტი და საწყისი პერიოდი მაიკლ კარტერ-უილიამსს რომ ჰქონდა, ეგეთი უნდა...
წყარო - იხილეთ ბმულზე