ფეხბურთი

22:24 | 14.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

სოსო ფრუიძე: "ყველაფერი თავიდანაა დასაწყები"

პანდემიის პირობებში, „ლოკომოტივის“ ახალი მთავარი მწვრთნელი - სოსო ფრუიძე, გუნდის სამწვრთნელო შტაბთან ერთად, ონლაინ მუშაობს და საწვრთნელ პროცესს ასე ადევნებს თვალს.

როგორ მიმდინარეობს პროცესი, რა გეგმები აქვს ფრუიძეს და გუნდს, ამაზე მთავარი მწვრთნელი მოკლე ინტერვიუში თავად საუბრობს.

„მძიმე ვითარებაა მთელ მსოფლიოში და ჩვენთანაც. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც თავისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად მუშაობენ 24 საათის განმავლობაში და ჩვენზე ზრუნავენ".

- საკმაოდ უცნაურ ვითარებაში გიწევთ მუშაობა - ონლაინ რეჟიმში. როგორ მიდის სავარჯიშო პროცესი?

- ვფიქრობ, ამ სიტუაციიდან კარგი გამოსავალი მოვძებნეთ, რომ ონლაინ-სავარჯიშო პროცესი დავიწყეთ. ბიჭებს მიცემული აქვთ ინდივიდუალური დავალებები და ისინი ამას პროფესიონალურად ასრულებენ. ხოლო საღამოობით, ყველა ვიკრიბებით ონლაინში და ჩვენი ფიზმომზადების მწვრთნელი გუნდს ერთად ავარჯიშებს. პროცესი კარგად მიდის, გუნდურობის შეგრძნებაც ყველას აქვს და ვფიქრობ, სწორად მივდივართ.

- შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რთულია პროგნოზირება, ზუსტად როდის განახლდება ჩემპიონატი. ეს დიდი და იძულებითი პაუზა, რამდენად საზიანოა საქმისთვის?

- ეროვნული ლიგის განახლების სავარაუდო პერიოდად, ივლისის შუა რიცხვები სახელდება. ჩვენც, ამაზე უნდა გადავეწყოთ და შევიმუშავეთ კიდეც მზადების ახალი პროგრამა. ინდივიდუალურ და ონლაინ ვარჯიშებზე უკვე ვისაუბრეთ და ხაზი მინდა გავუსვა, რომ ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე, ყველასთან გვექნება ინდივიდუალური მიდგომა. ვფიქრობ, ეს პროცესი მოსაწყენი ნამდვილად არ იქნება.

- მიმდინარე ჩემპიონატში, პირველადგილოსანი გუნდი ჩაიბარეთ. რა იქნება თქვენი მთავარი მიზანი?

- ჯერჯერობით, არავინ იცის, როგორ და რა ფორმატით განახლდება ჩემპიონატი. თუ ამ ქულებით განახლდა, რა თქმა უნდა, სტარტზე აღებული 6 ქულა ძალიან კარგია და აქვე, მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ჩემს წინამორბედს, ლევან კორღალიძეს იმ უზარმაზარი სამუშაოსთვის, რაც მან გუნდში ჩაატარა. თუმცა, ახლა, დავდექით ფაქტის წინაშე, რომ ამხელა პაუზის შემდეგ, ყველაფერი თავიდანაა დასაწყები. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ჩემპიონატში მაქიმალურად მაღალი ადგილის დაკავება იქნება და ევროსაგზურის კვლავ მოპოვება.

- როცა „ლოკომოტივის“ შეთავაზება მიიღეთ, რა იყო გადამწყვეტი, რამაც თანხმობა გათქმევინათ?

- უპირველესად, „ლოკომოტივი“ არის დიდი ისტორიის მქონე კლუბი და ის მიმზიდველია ყველა მწვრთნელისთვის. იმ ადამიანების შრომა, რომლებიც ამ კლუბში მუშაობენ და მიზანმიმართულად, აგურს აგურზე დებენ, რომ გაზარდონ ფეხბურთელები და კარგი გუნდი ჩამოაყალიბონ, ძალიან დასაფასებელია. და რა თქმა უნდა, ფეხბურთელები, რომლებიც დღეს გუნდში არიან და მათ ევროტურნირზე უნდა დაიცვან კლუბის და ქვეყნის ღირსება. მე, ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ბიჭებს მიზნის მიღწევაში დავეხმარო.

FCLOCO.GE

0.116699