საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის მაისში დაგეგმილი ვიზიტი იაპონიაში კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა. IOC-ის პრეზიდენტს იაპონიაში მოგზაურობისას უნდა შეემოწმებინა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის სამზადისი. თომას ბახი ასევე უნდა სწვეოდა იაპონიის პრეფექტურა ჰიროსიმას, სადაც მაისში ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა უნდა ჩატარებულიყო.
ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 26 მარტს ფუკუშიმადან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ COVID-19-ის გამო 2021 წლამდე გადავადებული ოლიმპიური თამაშების გამო, ესტაფეტა გაუქმდა.
IOC-ის პრესსამსახურის ცნობით, ბახის ვიზიტის გაუქმება მოჰყვა იაპონიის მთავრობის მიერ დაწესებულ აკრძალვას. კერძოდ, ვირუსის შესაჩერებლად იაპონიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა მათ, ვინც ბოლო 14 დღის განმავლობაში ევროპას სტუმრობდა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ გასულ კვირას ტოკიოში და კიდევ 5 პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
იაპონიის დედაქალაქში კორონავირუსის გავრცელების 1700-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, რაც ქვეყნის 47 პრეფექტურაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
geonoc.org.ge