ლეგენდარულმა მარჩელო ლიპიმ მას შემდეგ, რაც ჩინეთი დატოვა, უფრო მეტი თავისუფალი დრო გამონახა და ჟურნალისტებთან სასაუბროდაც ხშირად იცლის. მითუმეტეს ახლა, საყოველთაო კარანტინის პირობებში.
ლიპის Sky Sport-ის ჟურნალისტი საინტერესო თემებზე ესაუბრა, რომელთა შორის ცხადია დიალოგი მიმდინარე მოვლენებით დაიწყო.
კორონავირუსი და ფეხბურთი
სიტუაცია ძალიან გაიწელა, ახლა ეკონომიკური პრობლემებიც დაიწყო, განსაკუთრებით გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის. ჩინეთში ვირუსი დაამარცხეს და უჰანის მთლიანი ტერიტორიაც გაიხსნა. რა თქმა უნდა, დღეს არ არსებობს ფეხბურთის სათამაშო პირობები და მეეჭვება, რომ ერთ თვეშიც იყოს. თუმცა, როცა იქნება, სეზონი აუცილებლად უნდა განახლდეს, ისე შედეგების მიღებას არ ვემხრობი, ჩემპიონი მოედანზე უნდა გამოვლინდეს. თუნდაც მატჩები უმაყურებლოდ გაიმართოს, მიუხედავად იმისა, რომ ასე თამაში ლამაზი არაა.
2006 წლის ფინალი
საფრანგეთთან ფინალამდე ბიჭებში დიდი თავდაჯერება დავინახე. ვამბობდით, რომ 1998 და 2000 წლებში მარცხის შემდეგ ჩვენი ჯერი იყო. გარდა ამისა, იმ ტურნირზე ჩატარებულმა წინა ექვსმა თამაშმა დაგვარწმუნა ჩვენს შესაძლებლობებში. გვახსოვდა ისიც, რომ გერმანიასთან მოგების შემდეგ ავტობუსთან 15 ათასი გულშემატკივარი ზეიმობდა ჩვენს წარმატებას.
სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნება
არა, კლუბში მუშაობას აღარ ვაპირებ, ეს აქამდეც არაერთხელ ვთქვი. თუმცა, როდესაც მივხვდები, რომ სახლში ჯდომა აღარ მინდა, ეროვნულ ნაკრებს სიამოვნებით ჩავიბარებ, თუნდაც იტალიის ან იტალიასთან სადმე ახლოს.
„იუვენტუსში“ სასურველი ტრანსფერები
პირველ რიგში ვინც ყველაზე მეტად მინდოდა, პაოლო მონტერო იყო. მას ბერგამოს „ატალანტაში“ ვავარჯიშებდი და ვიცნობდი. ბეტეგასგან, მოჯისგან და ჯირაუდოსგან ტრანსფერის ნებართვა ავიღე და დავურეკე. მითხრა, რომ „ინტერში“ გადადიოდა, მაგრამ ვუთხარი, რომ მაშინვე მანქანაში ჩამჯდარიყო და ტურინში წამოსულიყო, ისიც ჩამოვიდა. ძალიან მინდოდა პაველ ნედვედის ყიდვაც, პარმაში კი სპეციალურად ჩავედი, რომ ჯანლუიჯი ბუფონი და ლილიან ტურამი დამეყოლიებინა „იუვეში“ გადმოსვლაზე. კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა მაურო კამორანეზიზე მახსენდება, „ვერონას“ ვეთამაშებოდით და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ზოგადად ბევრი ფეხბურთელის ტრანსფერი მინდოდა, ვინც შევიძინეთ, მაგრამ ეს ხუთი გამორჩეულად.