ტაშკენტის „ფახთაქორის“ ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე ნიდერლანდურ მედიას ესაუბრა. VICESport-თან ინტერვიუში ჩვენებური მიმდინარე მოვლენების და უზბეკეთში მუშაობის შესახებ საუბრობს.
გარდა ამისა, შოთამ იოჰან კრუიფთან შეხვედრა გაიხსენა, რომელსაც ბარსელონაში გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ესტუმრა.
- როგორ ხართ ამ გიჟურ პერიოდში?
- ძალიან ვფრთხილობ, რადგან ასთმა მაქვს, მაგრამ ჩემი ოჯახი კარგადაა. ჩვენ სტამბოლში ვართ, სადაც სახლი მაშინ შევიძინე, როდესაც „ქასიმფაშას“ მწვრთნელი ვიყვაი. ტაშკენტიდან თურქეთში კერძო თვითმფრინავით გამოვფრინდი, რადგან ფრენები თითქმის აღარ იყო.
- როგორ გაგყავთ დრო?
- წიგნებს ვიკითხულობ, ვურეკავ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ვესაუბრები მეუღლეს, შვილებს და ფილმებს ვუყურებ. ზოგჯერ ინსტაგრამზეც ვარ, სადაც ჩემი ყოფილი თანაგუნდელები ფოტოებს და ვიდეოებს აქვეყნებენ. ეს კრიზისი ღრმა კვალს დატოვებს, მაგრამ უპირატესობა ისაა, რომ ბუნება გასუფთავდება. ცხოვრებაში მთავარი არაა ბევრი ფულის გამმუშავება ან სოციალურ მედიაში პოპულარობა. ახლა, როდესაც სახლში ვართ, მეტი დრო გვაქვს საყვარელ ადამიანებთან ერთად გასატარებლად. 9 თვეში ბავშვების ბუმი იქნება ან ბევრი განქორწინება, თუ კრიზისი დიდხანს გაგრძელდება.
- თქვენი ტყუპი ძმაც აჩიც სტამბოლშია?
- არა, ის ოჯახთან ერთად საქართველოშია. აჩი „ფახთაქორში“ ჩემი ასისტენტია. ადრე ერთმანეთისგან ვერ გვარჩევდნენ, მაგრამ ახლა მას უფრო მეტი ჭაღარა აქვს.
- პეტერ ჰუისტრა და ლასლო იამბორიც თქვენი ასისტენტები არიან. როგორ მოგწონთ მათთან თანამშრომლობა?
- ძალიან. პეტერს შევხვდი აგენტი გვიდო ალბერსის მეშვეობით და ახლა ჩვენ მეგობრები ვართ. ლასლო კი „აიაქსში“ გავიცანი, ისინი მხოლოდ ჩემი ასისტენტები არიან და ყველაფერში დიახს არ მეუბნებიან. საკუთარი ხედვა იდეები გააჩნიათ. ახლა ისინი ჯერ კიდევ ტაშკენტში არიან და ფეხბურთელებთან ონლაინ ვარჯიშებს ატარებენ.
- როგორ მიდის საქმეები „ფახთაქორში“?
- ძალიან კარგად, 2017 წელს კლუბი ჩემპიონატში მე-13 ადგილზე გავიდა. ვიცოდი, რომ „ფახთაქორი“ უზბეკეთის ყველა დროის საუკეთესო გუნდი იყო, მახსოვს თბილისის „დინამოსთან“ მატჩები. გასულ სეზონში ჩემპიონები, თასის და ლიგის თასის გამარჯვებულები გავხდით. ეს განსაკუთრებული წელი იყო, რადგან 40 წლისთავი გახლდათ „ფახთაქორის“ გუნდის ავიაკატასტროფიდან, როდესაც 179 ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება ამ სეზონს, არავინ იცის როდის გაგრძელდება და ჩემი კონტრაქტი წლის ბოლოს იწურება.
- ვიცი, რომ ალიშერ უსმანოვი დიდ ფულს ხარჯავს. რა როლს ასრულებს ის გუნდის წარმატებაში?
- განახლდა სავარჯიშო ბაზა და სტადიონი, მაგრამ არ შეგვიძლია ევროპიდან მაღალი დონის ფეხბურთელების ჩამოყვანა. ბოლოს ერენ დერდიოკი დავიმატეთ, რომელსაც კარგი კარიერა ჰქონდა. საბოლოო ჯამში, ფულით სავსე ჩანთით თამაშებს ვერ მოიგებ თუ როგორ თქვა კრუიფმა?
- მან თქვა, რომ არასდროს უნახავს ფულით სავსე ტომარას გოლი გაეტანოს...
- დიახ. ყოველშემთხვევაში შეგვიძლია ინვესტიციის გაკეთება და მონაცემის ანალიზი. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ გუნდს, როგორც ახლა, ისე მომავლის პერსპექტივაში, მივცეთ ჩვენი ევროპაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება.
- როგორია ტაშკენტში ცხოვრება?
- თანამედროვე, დატვირთული და უსაფრთხო ქალაქია. დანაშაულის დონე აქ ძალიან დაბალია. ბევრი გამწვანებაა, ერთგვარი ოაზისია. თუმცა ჰავა ცხელია, ზოგჯერ 50 გრადუსამდეა ამინდის ტემპერატურა. ნიდერლანდებში შეიძლება ბევრმა არ იცოდეს უზბეკეთი, მაგრამ საბჭოთა პერიოდში ტაშკენტი იყო აზიის კარიბჭე, როგორც მნიშვნელოვანი ქალაქი აბრეშუმის გზაზე. იცოდით, რომ ტაჯ მაჰალი ინდოეთში უზბეკებმა ააშენეს? ტურისტებში ძალიან პოპულარულია სამარყანდი და ბუხარა. როდესაც კრიზისი დასრულება, ჩამოდით ტაშკენტში.
- უზბეკეთში ფეხბურთი პოპულარულია?
- პოპულარობა იზრდება, ადრე იყო გუნდები, რომლებიც სხვა ქალაქებში თამაშობდნენ, რადგან სტადიონი არ ჰქონდათ, რომელიც მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა, ზოგჯერ დღის მეორე ნახევარში ვთამაშობდით, რადგან განათება არ იყო. ახლა საღამოს თამაშიც შესაძლებელია. ტოპ კლუბების მატჩებს 30 ათასი მაყურებელი ესწრება. როდესაც აქ „ელ კლასიკოა“, ცხოვრება ჩერდება.
- „მაკაბიში“ თქვენ ხორდი კრუიფთან ერთად მუშაობდით. როგორი იყო თქვენი თანამშრომლობა?
- ექვსი თვე კარგად ვიმუშავეთ, მაგრამ შემდეგ გუნდის შედეგები უარყოფითი იყო. მე აღარ მაქვს კონტაქტი ხორდისთან, მამამისის გარდაცვალება მივუსამძიმრე ბოლოს. სიკვდილამდე რამდენიმე თვით დრე, იოჰან კრუიფთან ბარსელონაში ვიყავი, ოფისში ვესტუმრე.
- რატომ იყავით მასთან?
- იოჰანი ყოველთვის იყო შთაგონების წყარო. მსურდა იმ პროექტში ჩამერთო, რომელიც ჩემს ძმებთან ერთად საქართველოში გავაკეთე. მასთან დაახლოებით 6 საათი ვისაუბრე.
- რის შესახებ?
- ფეხბურთის, ცხოვრების შესახებ. შემდეგ ხელოვნურ საფარიან მოედანზე გავედით და მე ვთქვი: ხელოვნურ საფარზე თამაში პრეზერვატივით სექსს ჰგავს და იოჰანიც დამეთანხმა, სიცილი დავიწყეთ. თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ, რომ მასთან საათების განმავლობაში ვისაუბრე.