ფეხბურთი

15:44 | 6.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

სარი და კონტე: დრო, როდესაც სერია B-ს გუნდიდან ორივე ხუთჯერ გაათავისუფლეს

იტალიაში სანამ სეზონი შეწყდებოდა ყველა მაურიციო სარისა და ანტონიო კონტეს დუელზე წერდა. ორი მწვრთნელი, რომლებიც განგებამ უცნაური გზით წაიყვანა. „იუვენტუსის“ დროშა, ყოფილი კაპიტანი და მწვრთნელი, რომელმაც კლუბის ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვა, ტურინელთა მოძულე მტრის, „ინტერის“ ბანაკში აღმოჩნდა.

მეორეს მხრივ, მაურიციო სარი, რომელმაც სახელი „ნაპოლიში“ მუშაობით გაითქვა, კლუბში, სადაც „იუვენტუსი“ რბილად რომ ვთქვათ გულზე არ ეხატებათ. 2018 წლის აპრილში ტურინში ჩასული „ნაპოლის“ ავტობუსიდან სარიმ „იუვეს“ ქომაგებს შუა თითიც უჩვენა, მაგრამ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ამ გუნდის თავკაცობას დათანხმდა.

მოკლედ, უცნაური ჯაჭვი შეიკრა. სხვათა შორის, სარისა და კონტეს გზებიც მანამდეც გადაკვეთილა. ეს, 2006-2007 წლების სეზონში იყო.

მაშინ ჯერ კიდევ სამწვრთნელო კარიერის საწყის ეტაპზე ანტონიო კონტე სერია B-ს ბინადარ „არეცოს“ ჩაუდგა სათავეში, მაგრამ მეცხრე ტურის შემდეგ პრეზიდენტმა პიერო მანჩინიმ კკარისეკნ მიუთითა. ანტონიო კი სწორედ მაურიციო სარიმ შეცვალა, რომელიც კოლეგისგან განსხვავებით საწყის ეტაპზე არ იყო, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის მაინც უცხო სპეციალისტი გახლდათ.

სარიმ „არეცოში“ სამსახური 21-ე ტურამდე შეინარჩუნა და შემდეგ გაათავისუფლეს. ვინ შეცვალა? ანტონიო კონტემ! იტალიელმა „არეცოს“ 22-ე ტურში უხელმძღვანელა, მაგრამ მოჩვენებითი დაბრუნება იყო, იმავე შეხვედრის შემდეგ გუნდიდან გაუშვეს. შედეგად, „არეცოში“ მხსნელად ისევ სარი დააბრუნეს...

თუმცა ეს ყველაფერი არაა, „იუვენტუსის“ დღევანდელმა თავკაცმა სამსახური მხოლოდ 28-ე ტურამდე შეინარჩუნა და კვლავ მოუწია ახალ სამსახურზე ფიქრი. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ სარი კონტემ შეცვალა, რომელმაც სეზონის ბოლომდე გაძლო, მაგრამ „არეცო“ სერია C-ში გავარდა და „ინტერის“ ამჟამინდელი მწვრთნელი ზაფხულში კვლავ უსამსახუროდ დარჩა.

მას შემდეგ 13 წელი გავიდა, ბევრმა წყალმა ჩაიარა, კონტემაც არაერთ წარმატებას მიაღწია და სარიმაც. სხვათა შორის, ირიბად კონტე-სარის იგივე გზის გავლა ცოტა ხნის წინაც მოუწიათ, "ჩელსიდან" გათავისუფლებული კონტე ხომ 2018 წლის ზაფხულში სარიმ შეცვალა... ახლა ისინი, იტალიაში მთავარი კონკურენტების მესაჭეები არიან. „არეცოში“ მათი წარუმატებელი ცვლილებები კი ისტორიას შემორჩება.

0.119969