მილანის „ინტერის“ ყოფილმა მფლობელმა მასიმო მორატიმ ბრაზილიელ რონალდოსთან დიალოგი გაიხსენა. ლეგენდარული მოთამაშე პრეზიდენტს „იუვენტუსიდან“ ალესანდრო დელ პიეროს ყიდვას სთხოვდა.
„რონალდომ დელ პიეროს ყიდვა მირჩია, მის გვერდით თამაში უნდოდა და მითხრა: „აზრი არ აქვს ამდენი ფეხბურთელის ყიდვას, საკმარისია დელ პიერო შეიძინო და ჩვენ ძალიან ძლიერები გავხდებით". თუმცა, ტრანსფერი შეუძლებელი იყო, რადგან „იუვენტუსი“ მასს არასდროს გაყიდდა“, - უთხრა მორატიმ Gazzetta Dello Sport-ს.
ამრიგად, დელ პიეროსა და რონალდოს დუეტი არ შედგა. მეოცე საუკუნის მიწურულს ორივე ამინდს ქმნიდა საფეხბურთო სამყაროში. ისინი განსხვავებული თვისებების მოთამაშეები იყვნენ, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ იმხანად ერთ-ერთ საუკეთესო (თუ საუკეთესოს არა) დუეტს შექმნიდნენ.
თუმცა, დელ პიერო „იუვენტუსით“ იყო მოწამლული და შავ-თეთრი მაისურით 19 სეზონში 705 თამაში ჩაატარა. რონალდო კი მოგვიანებით „ინტერიდან“ „რეალში“ გადავიდა.