ფეხბურთი

13:56 | 3.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რომ არა "იუვენტუსი"... დელ პიერომ დაასახელა გუნდი, სადაც თამაშზე უარს არ იტყოდა

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა. ვეტერანი ფეხბურთელი მიმდინარე მოვლენებს, ყოფილ კლუბს („იუვენტუსს“), ფრანჩესკო ტოტის, პაულო დიბალას შეეხო და დაასახელა გუნდი, სადაც რომ არა „იუვენტუსი“ სიამოვნებით ითამაშებდა.

„დრო მთავრობას და ექიმებს უნდა დაეთმოთ, პრიორიტეტი ადამიანების ჯანმრთელობაა. დიახ, მე ვემხრობი სეზონის დასრულებას და აუცილებლად უნდა დასრულდეს, თუნდაც მატჩები მაყურებლების გარეშე გაიმართოს, სანამ საფრთხე იქნება.

ვინ არის დღეს ყველაზე ძლიერი? გარდა ისეთი სახელებისა, როგორებიცაა მესი, რონალდუ და ნეიმარი, ძალიან მომწონს დე ბრუინი.

„იუვენტუსის“ მაისური ძალიან მძიმე სატარებელია. როდესაც თამაშობ მეორე დონის გუნდში და მნიშვნელობა აქვს გატანილ გოლებს და კარგ თამაშს, როდესაც თამაშობ „იუვეში“, მნიშვნელობა აქვს მაშინაც, როცა ცუდად თამაშობ და გოლებს ვერ იტან. არსებობს კრიტიკა და პასუხისმგებლობები, მოლოდინი ყოველთვის მაღალია.

რას ნიშნავს „იუვე“ ჩემთვის? ეს იყო გუნდი, რომელსაც ბავშვობიდან ვგულშემატკივრობდი. თითქმის მთელი კარიერა იქ გავატარე და მოვიგე ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა, თუნდაც სერია B. ეს არის სიყვარული, რომელიც არასდროს მთავრდება, ჩემი ისტორია „იუვესთან“ ერთად უნიკალურია.

დიბალა მომავალი კაპიტნია? ზოგიერთ შემთხვევაში ის უკვე კაპიტნობს „იუვეს“ და თუ ეს ხდება, მისი რეპუტაციის და დონის დამსახურებაა. როგორც ვიცი, მისი სიმწიფე ძალიან გაიზარდა. გასულ ზაფხულს რაც მოხდა, იმის შემდეგ მისი რეაქცია და რასაც მოედანზე აჩვენებს, სამაგალითოა.

„იუვენტუსის“ შანსი ჩემპიონთა ლიგაზე? ყველაფერი აქვს, რომ ეს შეძლო, თუმცა ამავე დონეზე 7-8 გუნდი იმყოფება, მცირე დეტალებს მნიშვნელობა აქვს.

მსოფლიო ჩემპიონატი? მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ადვილი არაა. მუნდიალზე ერთ თვეში ყველაფერი იდეალურად უნდა გააკეთო, ცოტა იღბალიც საჭიროა. სამართლიანი იყო 2006 წელს ჩვენი გამარჯვება, რადგან არაჩვეულებრივი თაობა დიდი პრიზით დაჯილდოვდა.

ტოტი? ჩვენ ყოველთვის კარგად გვესმოდა ერთმანეთის და ხშირად ვხუმრობდით, მასთან ერთად მოედანზე ლაპარაკიც არ იყო საჭირო, ჩემპიონი იყო და როდესაც ასეთ ფეხბურთელთან თამაშობ, მისი გაგება ადვილია. რას ვკითხავდი დღეს? როგორ ხედავდა ჩემს ფიგურას „იუვეში“ და როგორ გაატარა მისი კარიერა...

სად ვითამაშებდი? ლონდონი ყოველთვის მიზიდავდა, თუმცა ჩემს ეპოქაში ინგლისურ ფეხბურთში საოცნებო გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო. გარდა ამისა, ყოველთვის განსაკუთრებული ხიბლი „არსენალს“ ჰქონდა", - განაცხადა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ ალესანდრო დელ პიერომ "იუვენტუსში" 1993-2012 წლებში ითამაშა. რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშის სურვილს, ეს ცხადია მხოლოდ იტალიური გრანდის შემდეგ, რადგან ცნობილი ამბავია, რომ სერ ალექს ფერგიუსონისგან წინადადება იტალიელმა "ბებერი ქალბატონის" ერთგულების გამო ორჯერ უარყო.

0.139956