თურქეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რუშტუ რეჩბერი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა მეუღლემ იშილ რეჩბერმა დაწერა.
„მინდა სამწუხაროდ გაცნობით, რომ ჩემი მეუღლე საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით გადავიდა. ჩემი და ჩვენი შვილების გაკეთებული ტესტების პასუხები უარყოფითია. ამიტომ, ჩვენ სახლში ვართ და თვითიზოლაციაში ვიმყოფებით“, - დაწერა იშილმა.
რუშტუ თურქული ფეხბურთის ლეგენდაა და გულშემატკივარს თავი 2002 წლის მუნდიალზე დაამახსოვრა, როდესაც შესანიშნავი თამაშით გუნდს მესამე ადგილის დაკავებისკენ წარუძღვა. გარდა ამისა, იმავე ჩემპიონატზე ყურადღება თვალებთან წასმული სპეციალური ლაქით მიიქცია.
კარიერის უმეტესი ნაწილი თურქმა „ფენერბახჩეში“ გაატარა, ერთი სეზონი კი კატალონიის „ბარსელონაშიც“ ირჯებოდა, ბოლო ხუთი წელი „ბეშითქაშში დაჰყო, ხოლო თურქეთის ნაკრებში 120 თამაში ჩაატარა, მათ შორის, ევროპის სამ და მსოფლიოს ერთ ჩემპიონატზე ითამაშა.