თანამედროვე ფეხბურთში ყველაზე პოპულარული და იმავდროულად ყველაზე სკანდალური (ამიტომაც არის პოპულარული) რძალი მაურო იკარდის პირმშვენიერი მეუღლე ვანდა ნარა გახლავთ.
ნარას თავგადასავლებზე არაერთი ფაქტია ცნობილი და ახლა ამით თავს სულაც არ შეგაწყენთ. ალბათ, ავად თუ კარგად ვთანხმდებით, რომ ვანდა პოპულარობას არავის უთმობს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ არგენტინელი იმდენად ლამაზი და მშვენიერია, ამ კომპონენტში ტოლს ვერავინ დაუდებსო.
ვიქტორია ვარგა ფართო საზოგადოებისთვის ცნობადი ნაკლებადაა, არადა გარეგნობა ისეთი აქვს, ბარე-ორი თეთრი შურით რომ აღივსებოდა. ვიქტორია, გნებავთ „ვიკი“, უნგრელი მოდელია და უკვე 7 წელია ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის, გრაციანო პელეს ცხოვრების მეგზურია.
არ ვიცით, რატომ არ არის ულამაზესი ვარგა ვანდა ნარასავით ყოველდღე ბულვარული გამოცემების პირველ გვერდებზე, ინსტაგრამში ნახევარი მილიონი გამომწერიც კი არ ჰყავს, მაგრამ ფაქტია - ვიზუალი დიდებული აქვს. ალბათ იმიტომ, რომ ვანდასგან განსხვავებით ვიკის არ უღალატია საყვარელი მეუღლისთვის, თან უახლოეს მეგობართან (ყოველშემთხვევაში ეს ხმები ჩვენამდე არ მოსულა და ისე თავს ვერ დავდებთ) და არც მის საფეხბურთო კარიერაში ჩარეულა საჯაროდ.
საჯაროდ თორემ, ისე პელეს კარიერაში ფანტასტიკური ვიკის ხელი აშკარად ურევია. სხვთა თუ არაფერი, მაშინ, როდესაც ინგლისის პრემიერლიგაში ნორმალური სეზონი ჰქონდა, ევრო 2016-იც ჩინებულად ჩაატარა და თითქოს იტალიელი წინ უნდა წასულიყო, ჩინეთს მიაშურა და არის ახლა თავისთვის, წყნარად, მსუყე გასამრჯელოსაც იღებს და თავისი მეუღლისთვისაც ბევრი დრო რჩება. ანდა, როგორ გინდა ფეხბურთს შეალიო დროის უმეტესი ნაწილი ასეთ დროს - გრაციანოს არჩევანში შეიძლება არც გაემტყუნება.
გემოვნებაზე არ დაობენო ამბობენ, მაგრამ როგორც წესი, ყოველთვის დაობენ. ჩვენც შეგვიძლია „ვიდაოთ“ - არის თუ არა ვიქტორია ვარგა თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე ლამაზი რძალი?! დანარჩენს ფოტოები უფრო ნათლად გამოაჩენს.