რუსეთის პრემიერლიგა ერთ-ერთი იმ გამონაკლისთაგანია, რომელიც ჯერჯერობით არ შეჩერებულა. XXII ტურში ქართველების დაპირისპირება შედგა, გია გრიგალავას ტულის „არსენალმა“ ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინს“ უმასპინძლა.
ყაზანელებმა 5 ოქტომბრის შემდეგ პირველად მოიგეს - 1:0. გამარჯვების გოლი დავითაშვილმა გაიტანა. ქართველმა შემტევმა 43-ე წუთზე დააგვირგვინა შეტევა, რომელიც გრიგალავას შეცდომით დაიწყო, ჩვენებურმა არაზუსტი პასი გააკეთა და ბურთი ყაზანელებს ჩააბარა. სამაგიეროდ, 55-ე წუთზე მასთან უხეშობისთვის მაკაროვმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და "რუბინი" კაცნაკლული დარჩა.
ზურიკომ 79-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო და შეუცვლელად ითამაშა, ისევე, როგორც გრიგალავამ, რომელიც საკუთარ გუნდს კაპიტნობდა. კვარაცხელიას არ უთამაშია, რადგან წინა ტურში მიღებული ყვითელი ბარათის გამო დისკვალიფიკაცია მოიხადა.
აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგაში „რუბინმა“ 9-მატჩიანი მოუგებელ სერიას წერტილი დაუსვა. ზემოხსენებულ 5 ოქტომბერს, „ტამბოვთან“ სწორედ ზურიკომ გამოიჩინა თავი და ახლა, როცა მიმდინარე სეზონში (მე-18 თამაშში) მეორე გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა ისევ მოიგო. სხვათა შორის, ეს იყო ლეონოდ სლუცკის სადებიუტო გამარჯვება.
„რუბინმა“ ამ მოგებით ცოტა ამოისუნთქა, 23 ქულა დააგროვა და პლეი-აუტის ზონა დატოვა (მე-12 ადგილზეა), ტულის „არსენალი“ კი 28 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს.