1997 წლის 28 მაისი, მიუნხენი, „ოლიმპიაშტადიონი“, ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ტურნირის მოქმედი ტრიუმფატორი და მთავარი ფავორიტი „იუვენტუსი“, რომელიც ზედიზედ მეორედ უმიზნებდა საკლუბო ევროპის ჩემპიონობას, ფინალამდე ერთი ამოსუნთქვით მივიდა, თამაშიც არ წაუგია.
მარჩელო ლიპის გუნდი მართლაც საოცარ ფორმაში იყო. გაივლის წლები და თავად ლიპი „იუვენტუსში“ გატარებულ მდიდარ პერიოდში საუკეთესო გუნდად სწორედ 1996-1997 წლების სეზონის შემადგენლობას დაასახელებს.
მეორე მხარეს დორტმუნდის „ბორუსია“, რომელსაც ოტმარ ჰიტცფელდი ავარჯიშებდა. იტალიელები თითქოს ამართლებდნენ ფავორიტის სტატუსს და აქტიურადაც დაიწყეს, კრისტიან ვიერიმ კარგი შანსი გაანიავა, ხოლო ვლადიმირ იუგოვიჩზე საეჭვო ვითარებაში პენალტი არ დაინიშნა.
თუმცა, გერმანელთა პირველივე ნორმალური იერიში გოლით დასრულდა. კუთხურის შემდეგ ტურინელებმა დამაჯერებლად ვერ ითამაშეს და კარლ-ჰაინც რიდლემ ანგარიში გახსნა. გადის ხუთი წუთი და გერმანელებმა მეორე კუთხური ჩააწოდეს. ისევ რიდლე, ამჯერად თავით და - 2:0.
„იუვენტუსი“ უფრო გააქტიურდა, ზინედინ ზიდანს ხელი ძელმა შეუშალა, ვიერიმ გაიტანა კიდეც, მაგრამ ხელით თამაშის გამო გოლი გაუქმდა. შესვენების შემდეგ ლიპიმ თამაშის გადარჩენა ალესანდრო დელ პიეროთი სცადა. ტურინელები აგრძელებდნენ შეტევებს, „დორტმუნდი“ - თავის დაცვას.
65-ე წუთზე ალენ ბოკშიჩის ფლანგურ გადაცემას დელ პიერო ბრწყინვალე სტილში გამოეხმაურა და სხვაობა შეამცირა. ნათელი გახდა, რომ „იუვე“ მეორე გოლზე გაიწევდა და ჰიტცფელდს კონტრსვლა უნდა გაეკეთებინა, გააკეთა კიდეც. 71-ე წუთზე მოედანზე ლას რიკენი შეუშვა, რომელმაც ბურთთან პირველივე შეხებით ფანტასტიკური გოლი გაიტანა, კარიდან დაუფიქრებლად გამოსულ ანჯელო პერუცის ბურთი ერთი შეხებით თავზე გადაავლო. ეს დასასრული იყო, "იუვენტუსმა" დიდი უპირატესობა, უამრვაი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, საპასუხოდ, მეტოქემ ყველა ნორმალური შეტევა დააგვირგვინა. „დორტმუნდი“ პირველად ავიდა ევროპის მწვერვალზე და იმხანად ნამდვილად საუკეთესო გუნდი დაამარცხა.
სხვათა შორის, „იუვენტუსი“ და „დორტმუნდი“ ისტორიაში ერთმანეთს ცხრაჯერ შეხვედრიან და გერმანელებმა მხოლოდ ორჯერ მოიგეს (6 წაგება, 1 ფრე). ერთხელ ტურინში 1995 წელს ჯგუფირ ეტაპის ბოლო ტურში, როცა მასპინძლებს პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდათ და მეორედ სწორედ აქ, მიუნხენში.
„დორტმუნდი“ – „იუვენტუსი“ 3:1
გოლები: 1:0 რიდლე (29), 2:0 რიდლე (34), 2:1 დელ პიერო (65), 3:1 რიკენი (71)