მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ კორონავირუსისი პანედიამდ გამოცდადების შემდეგ საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ქვეყანაში გავრცელებული რეკომენდაციები გაითვალისწინა და კალათბურთის მატჩები შეაჩერა. როგორც ფედერაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სუპერლიგის და "ა" ლიგის მატჩები შეჩერებულია.
"მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, სუპერლიგისა და “ა” ლიგის მიმდინარე მატჩები შეჩერებულია. ზემოთხსენებული ვითარების გამო ფედერაციას მომავალ ორშაბათს, 16 მარტს დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრა სუპერლიგისა და “ა” ლიგის წარმომადგენლებთან. იმავე დღეს დაგეგმილი იყო ფედერაციის გამგეობის სხდომა, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიბა) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე ჩემპიონატების შეჩერების გადაწყვეტილება ფედერაციამ დღეს მიიღო.
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2 მარტიდან შეაჩერა ყველა ასაკობრივი ლიგა და იმავე დღიდან სუპერლიგისა და “ა” ლიგის მატჩები მიმდინარეობდა მაყურებლის გარეშე. საქართველოს კალათბურთის ფედერციის გამგეობის სხდომა, ასევე აქტუალურ თემებთან დაკავშირებით გუნდებთან შეხვედრა გაიმართება აქამდე დაგეგმილი თარიღის შესაბამისად – 16 მარტს.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ასევე მოუწოდებს იმ ქართველ კალათბურთელებს, რომლებიც უცხოეთში თამაშობენ და კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხის გამო სამშობლოში ბრუნდებიან, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უცხოეთიდან დაბრუნებული ჩვენი მოქალაქეებისთვის განსაზღვრული ყველა რეკომენდაცია და პროცედურა დაიცვან." - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში ფეხბურთის, წყალბურთის და რაგბის ჩემპიონატები დროებით შეჩერებულია.