ამერიკის სტუდენტურ ლიგაში სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" ლიდერობა დაკარგა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა ვერ გაუძლო NCAA-ის ერთ-ერთი წამყვანი – Big East-ის კონფერენციის ლიდერის სტატუსს და ბოლო 2 ტურში განცდილი წაგებების შემდეგ რეგულარული ჩემპიონატი მე-3 ადგილზე დაასრულა. “მეკობრეები” მიმდინარე სეზონში თითქმის სულ ლიდერობდნენ, მაგრამ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ჯერ "ვილანოვასთან" (77:79) წააგეს, შემდეგ კი "კრეიტონთანაც" (60:77) და საბოლოოდ სწორედ ამ გუნდების ზურგსუკან აღმოჩდნენ.
სამივე ამ გუნდმა რეგულარული ჩემპიონატი ერთნაირი შედეგით – 13 მოგებითა და 5 მარცხით დაასრულა, თუმცა ურთიერთშეხვედრებით პირველი ადგილი "კრეიტონს" ერგო, მეორე – "ვილანოვას", ხოლო მესამეზე "სეტონ ჰოლი", აღმოჩნდა. რაც მოხდა, ამით ბევრი არაფერი დაუკარგავს საჩემპიონო ამბიციის სეტონ ჰოლს. მთავარი ხომ პლეი ოფია, რომელიც კონფერენციის 8 საუკეთესო გუნდს თავს ნიუ იორკში მოუყრის და მედისონ სკვერ გარდენში 1 კვირის თავზე ჩემპიონი გამოვლინდება.
"სეტონ ჰოლმა" ის დაკარგა, რომ პლეი ოფში მე-3 განთესილის სტატუსით შევა და პირველ წრეში (მეოთხედფინალში) არა აუტსაიდერ "სენტ ჯონსს", არამედ მებრძოლ და საკმაოდ საშიშიშ "მარკეტს" შეხვდება. რაც შეეხება მამუკელაშვილის ბოლო 2 წაგებულ მატჩში ნაჩვენებ სტატისტიკას, საკმაოდ შთამბეჭდავია. ვილანოვასთან სანდრომ 20 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო კრეიტონთან 7 ქულა, 12 მოხსნა და 3 პასი.
მამუკელაშვილისა და მაილს პოუელის იმედით "სეტონჰოლელები" ჩემპიონობას უმიზნებენ. ყველაფერი კი ნიუ იორკში გაირკვევა, სადაც 13 მარტს Big East-ის საჩემპიონო ტურნირი მეოთხედფინალიდან დაიწყება. "სეტონ ჰოლის" პირველი მეტოქე "მარკეტი" იქნება.